როდის დაიწყეს ჰომინინებმა ტექნოლოგიური აღმასვლა — კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჰომინინების მიერ ქვის იარაღების შექმნის ტექნიკები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ უეცარი ტექნოლოგიური აღმასვლა დაახლოებით 600 000 წლის წინ დაფიქსირდა.
შესაძლოა, ეს იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ როგორ ახერხებდნენ ადამიანთა სხვა სახეობები და ჩვენი წინაპრები ახალ გარემოსთან განსაკუთრებით მარტივად შეგუებას. არაა გამორიცხული ისიც, რომ ასეთი ე.წ. კუმულაციური კულტურა ჰომო საპიენსებისა და ნეანდერტალელებისთვის საერთო ყოფილიყო.
სპეციალისტებმა ევოლუციის 3.3 მილიონწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნილი ქვის იარაღები გააანალიზეს და მათი დამზადების მეთოდები სირთულის მიხედვით 62 ჯგუფად დაჰყვეს. უძველესი არტეფაქტი აფრიკაშია აღმოჩენილი, მაგრამ კვლევაში გრენლანდიაში, ევრაზიაში, ოკეანიაში, პალეოკონტინენტ საჰულსა და ამერიკაში მიკვლეული ნიმუშებიც გააერთიანეს.
აღმოჩნდა, რომ 1.8 მილიონი წლის წინა პერიოდამდე ქვის იარაღების შექმნა 2-4 პროცედურულ ეტაპს მოიცავდა. მომდევნო 1.2 მილიონ წელში ეს მაჩვენებელი უკვე 7-მდე გაიზარდა, 600 000 წლის წინ კი — 18-მდე, ანუ განვითარების სულ სხვა საფეხურზე ავიდა.
ამის შემდეგ ტექნოლოგიამ დახვეწაა ისევ აქტიურად განაგრძო. ავტორების თქმით, ასეთი წინსვლა ეყრდნობა ცოდნას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და კუმულაციური კულტურა ეწოდება.
"ეს თაობებს შორის სოციალური დასწავლის გზით მოდიფიკაციების, ინოვაციებისა და გაუმჯობესებების აკუმულაციაა. ამას ისეთი ტექნოლოგიისა და 'ნოუ-ჰაუს' ფორმირება შეუძლია, რომელიც აღემატება იმას, რასაც გამოუცდელი ინდივიდი სიცოცხლის განმავლობაში დამოუკიდებლად შექმნიდა.
როდესაც ბავშვს მემკვიდრეობით თავისი მშობლების კულტურა გადაეცემა, ის იღბლიანი შეცდომებისა და ექსპერიმენტების რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის შედეგს იღებს", — აცხადებენ ისინი.
კუმულაციური კულტურა პოპულაციებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემების გადაჭრის შანსს ზრდის. ასევე, საშუალებას იძლევა, თანამედროვე ტექნოლოგია ისე გამოვიყენოთ, რომ მისი შექმნის ყველა ასპექტი არ ვიცოდეთ. ამგვარი განვითარება შესაძლოა, ევოლუციურ პროცესებზეც ზემოქმედებდეს, მაგალითად ტვინის ზომის გაზრდას განაპირობებდეს და ა.შ.
"შესაძლებელია, რომ ადრეულ ჰომინინებს სწორედ კუმულაციურ კულტურაზე დაყრდნობით უყალიბდებოდათ რთული სოციალური, საკვების მომპოვებლური და ტექნოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც არქეოლოგიურად უხილავია", — ამბობენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები