წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ოკეანეები რომ დაშრეს და მთელი პლანეტიდან წყალი უკვალოდ გაქრეს; ანდა, უფრო რეალური — წარმოიდგინეთ, წყალმომარაგება შეგვიწყდეს და აღდგენის ზუსტი დროს ვერ გვითხრან. თქვენი აზრით, წყლის დალევის გარეშე რამდენ ხანს გადავრჩებოდით?

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რა დროში კლავს გაუწყლოება, იგივე დეჰიდრატაცია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჩვეულებრივი ადამიანი სითხეების გარეშე 2-7 დღით შეიძლება გადარჩეს, თუმცა ეს ძალიან ზედაპირული შეფასებაა. მეტი სიზუსტისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადამიანის ჯანმრთელობა, ფიზიკური აქტივობის დონე და ამინდი. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ მოხუცებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსა და გარეთ მომუშავე/მოვარჯიშე ხალხს გაუწყლოების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

///

ძალიან ცხელ გარემოში ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება 1-1.5 ლიტრი ოფლი დაკარგოს. თუკი ბავშვი ჩახუთულ მანქანაში დარჩება ანდა ათლეტი ცხელ ამინდში ინტენსიურად ივარჯიშებს, გადახურებისა და გაუწყლოების შედეგად რამდენიმე საათშიც კია შესაძლებელი სიკვდილი.

როგორც წესი, თუკი ადამიანი ძალიანაა გაუწყლოებული, თავს გადახურებაც იჩენს, ანუ სხეულის შინაგანი ტემპერატურა ძალიან იზრდება. მეორე მხრივ, საქმე ყოველთვის ასე როდია. მაგალითად, პატარა ბავშვებს ანდა დემენციის მქონე მოხუცებს წყლის დალევა შეიძლება სულ არ გაახსენდეთ ან ვერც დალიონ სხვისი დახმარების გარეშე. ისინი ხომ არ იხოცებიან?

მაშ, რამდენი წყალი უნდა დაკარგოს ორგანიზმმა, სანამ სერიოზული დეჰიდრატაცია დაიწყება? NHS-ის მიხედვით, გაუწყლოება სახიფათო მაშინ ხდება, როცა ადამიანი წყლის ხარჯზე თავისი მთლიანი მასის 10%-ს კარგავს. მაგალითისთვის, თუ ადამიანი 60 კილოგრამს იწონის, მან 6 კილოგრამი წყალი უნდა დაკარგოს ორგანიზმიდან. პრაქტიკაში ამ მაჩვენებლით სარგებლობა არც ისე მარტივია.

ძალიან ცხელ დღეებში საათში 1.5 ლიტრის დაკარგვაც არის შესაძლებელი, ამიტომ დეჰიდრატაციამ საკმაოდ მალე შეიძლება მიაღწიოს სახიფათო ნიშნულს.

როცა წყლის დონე ჯანსაღ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოდის, სიმპტომების გამოვლენა იწყება. ესენია: წყურვილი, კანისა და პირის სიმშრალე, დაღლილობა, გაბრუება, თავბრუსხვევა (განსაკუთრებით წამოდგომისას), პულსის აჩქარება და სუნთქვის გახშირება. ასეთ დროს ზოგჯერ ცრემლების გარეშე ტირიან, ხოლო კანი კი მოჭერისა და გაშვების შემდეგ მარტივად არ სწორდება.

როცა სხეულში წყლის დონე ეცემა, დარჩენილი სითხე სასიცოცხლო ორგანოებისკენ მიემართება, რომ სისხლით გაავსოს, უჯრედები კი იკუმშება. როცა სითხე ტვინის უჯრედებიდანაც გამოიდევნება, იკუმშება ტვინიც. ასე შეიძლება, თავში არსებული სისხლძარღვები დასკდეს.

ორგანოებს შორის, როგორც წესი, პირველად თირკმელებს ექმნება პრობლემა. ისინი შეცოტავებული სისხლიდან ნარჩენების განდევნას წყვეტს, შედეგად კი ორგანოები მომწამვლელ კასკადში ერთვება. პროცესი მტკივნეულია, თუმცა, ჩვეულებრივ, მარტივად გვარდება — საჭიროა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა. ორგანიზმს სტაბილურობისთვის სწორედ ეს ესაჭიროება.

იმ შემთხვევაში, თუკი სასმელ წყალზე ნაკლებად მიგიწვდებათ ხელი, ეცადეთ, წყლის მარაგი ხილით, ბოსტნეულითა და სხვა სითხეებით შეივსოთ. მოერიდეთ ისეთ აქტივობებსაც, რომლებიც ოფლს მოგადენთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.