რას ამბობს თქვენი ოთხფეხა მეგობარი? — ხელოვნური ინტელექტი ძაღლის ყეფას გადათარგმნის
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძაღლის ბოლომდე გესმით. ის იყეფება და თქვენ ზუსტად ხვდებით თუ რას ამბობს ამით. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები.
ისინი ამისთვის ისეთ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რომელიც თავიდან ადამიანების საუბრის გასაშიფრად იყო შექმნილი. შედეგები ლინგვისტიკის, ენის რესურსებისა და შეფასების ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.
ამ შესაძლებლობის გამოსაკვლევად, მეცნიერებმა ყეფის ნაკრები 74 ძაღლისგან შეაგროვეს. კვლევამ მოიცვა ჩიხუახუა, ფრანგი პუდელი და შნაუზერი.
მკვლევრებმა ძაღლები სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებისას შეისწავლეს. ეს მოიცავდა ისეთ სიტუაციებს, როგორიცაა უცხო ადამიანის გამოჩენა, მხიარული ურთიერთქმედება, მფლობელის მიერ გამოხატული სითბო და ამავე მფლობელზე თავდასხმების იმიტირება.
ცხოველების ხმების აღბეჭდვა გაცილებით რთულია, ვიდრე ადამიანების. მკვლევრები აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ იცვლებოდა ძაღლების ყეფა ამა თუ იმ მოვლენის მიხედვით. ანალიზის ძირითადი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენებას მოიცავდა, რომელიც ცნობილია როგორც Wav2Vec2.
ადამიანის მეტყველების მონაცემებზე გაწვრთნილმა მოდელმა თითქმის 50-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა.
"ძალიან ბევრი რამ არის, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით ცხოველების სამყაროზე. ისინი ჩვენთან ერთად იზიარებენ სამყაროს და ხელოვნურ ინტელექტს ახლა შეუძლია გვითხრას მეტი ამ ყველაფერზე", — ამბობენ მკვლევრები.
სისტემამ შეძლო და ცნობდა თუ რომელი ჯიშის ძაღლს ეკუთვნოდა ხმა. ხელოვნური ინტელექტი ასევე ხვდებოდა ძაღლის სქესსა და ასაკს.
დაბოლოს, სისტემამ ყეფის გააანალიზებით განსაზღვრა თუ რა განწყობაზე იყო ძაღლი.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის მეტყველებისთვის ოპტიმიზირებული სისტემა ცხოველების კომუნიკაციის გაშიფვრას ახერხებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის მეტყველებიდან მიღებული მონაცემები ცხოველების ვოკალიზაციასაც ერგება", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერებს მომავალში კვლევის მასშტაბების გაზრდა სურთ. ეს მათ საშუალებას მისცემს ძაღლების უფრო მეტი ჯიში შეისწავლონ.
კვლევის ავტორები გვპირდებიან, რომ სისტემის დახვეწასთან ერთად, სულ უფრო მეტად გავუგებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
კომენტარები