მეოთხე საცდელი ფრენისას რაკეტა Starship-ის ორივე საფეხური წარმატებით დაეშვა!
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტის Starship რიგით მეოთხე სატესტო მისია საოცრად წარმატებული აღმოჩნდა.
დაახლოებით 120-მეტრიანი აპარატი 6 ივნისს, თბილისის დროით 16:50 საათზე, სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-იდან გაუშვეს. დღევანდელი მისიის მიზანი აპარატის უკან უსაფრთხოდ დაბრუნება და მრავალჯერადი გამოყენების პოტენციალის დემონსტრირება იყო.
ყველაფერმა საკმაოდ კარგად და თითქმის უხარვეზოდ ჩაიარა.
რაკეტამ ორბიტულ სიჩქარეს მიაღწია. მისი საფეხურები ერთმანეთს წარმატებით გამოეყო, რის შემდეგაც ამაჩქარებელი Super Heavy გაშვებიდან 7 წუთსა და 23 წამში მექსიკის ყურეში დაეშვა. ამის ამსახველი კადრების ნახვა ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში შეგიძლიათ:
ფრენის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ერთი ძრავა არ ამოქმედდა, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია. მას შემდეგ, რაც Super Heavy უკან დაბრუნდა, Starship-ის მეორე საფეხურმა დედამიწის გარშემო მოძრაობა განაგრძო და აფრენიდან 1 საათზე მეტ დროში ინდოეთის ოკეანეში დაეშვა! ეს მიღწევა SpaceX-მა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.
ატმოსფეროში შემოსვლისას რაკეტის ერთ-ერთი ფრთა, რომელიც ქვედა ვიდეოშია აღბეჭდილი, წვის გამო დაზიანდა. დაიწვა მისი სიცხისგან დამცავი საფარიც. ამან კამერის ლინზის გაბზარვა გამოიწვია, ამიტომ მეორე საფეხურის დაშვების კადრები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
დაშვების პროცესში Starship-თან კავშირი რამდენჯერმე გაწყდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ აღდგა. პარალელურად მაყურებელი სიმაღლის ცვლილებას რეალურ დროში აკვირდებოდა.
საბოლოოდ, აპარატმა, ზემოხსენებული დაბრკოლებების მიუხედავად, ინდოეთის ოკეანემდე მიაღწია.
ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან აქამდე ორივე საფეხურის უსაფრთხოდ დაშვების მცდელობები არ ამართლებდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა მისიების დროს კომპანიას ნაკლებად ამბიციური მიზნები ჰქონდა და წარუმატებლობისთვისაც მზად იყო. მეტიც, ყოველი ასეთი პრობლემა მათ მომდევნო ფრენის უკეთ დაგეგმვაში ეხმარებოდა. დღევანდელი მიღწევა სწორედ ამის შედეგია.
ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მის მრავალჯერად გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ ეს აპარატი ითავებს.
კომენტარები