კაცებისთვის ახალი ტიპის კონტრაცეპტივი შექმნეს და თაგვებზე წარმატებით გამოცადეს
ბეილორის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კაცებისთვის არაჰორმონული კონტრაცეპტივი შექმნეს, რომელიც კონკრეტულ ცილას იღებს მიზანში. ჩასახვის საწინააღმდეგო ამ საშუალებამ თაგვებზე ჩატარებული კვლევით დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. კონტრაცეპტივი შექცევადია, ანუ, როცა მისი მიღება წყდება, რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენაც შესაძლებელია. კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 260%-ით გაიზარდა. ტენდენცია არც ახლა კლებულობს — პროგნოზის თანახმად, 2037 წლისთვის პლანეტაზე ადამიანთა რიცხვი 9 მილიარდამდე გაიზრდება. ეს კანონზომიერება ოჯახის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, თუმცა, მიუხედავად სფეროში არსებული წინსვლებისა, კაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მაინც ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.
"მკვლევრები კაცების კონტრაცეპტივების შესაქმნელად რამდენიმე სტრატეგიას იკვლევენ, თუმცა კაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მაინც არაა ხელმისაწვდომი", — განაცხადა დოქტორმა მარტინ მაცუკმა, ნაშრომის თანაავტორმა — "კვლევის ფარგლებში ახალ მიდგომაზე გავამახვილეთ ყურადღება — აღმოვაჩინეთ პატარა მოლეკულა, რომელიც STK33 ცილას ბლოკავს. ეს ცილა ნაყოფიერებას განსაზღვრავს როგორც კაცებში, ასევე თაგვებში".
წინა კვლევებით დადგენილია, რომ სათესლე ჯირკვლები STK33 ცილითაა გაჯერებული და მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ფუნქციური სპერმატოზოიდების ფორმირებისთვის. თუკი თაგვებში Stk33 გენს გავთიშავთ, სპერმატოზოიდების ხარისხი თუ მოძრაობის უნარი შემცირდება, თაგვები კი უნაყოფოები გახდებიან. კაცებში STK33 გენის მუტაცია იმავე მიზეზებით იწვევს უნაყოფობას. რაც მთავარია, ამ მუტაციების მქონე კაცებსა და თაგვებში სხვა დეფექტები არ გვხვდება და სათესლე ჯირკვლების ზომაც ნორმალურია.
"სწორედ ამიტომ, კაცების კონტრაცეფციისთვის STK33 გონივრულ სამიზნედ განიხილება, რადგან რისკები მინიმალურია", — თქვა მაცუკმა — "STK33 ინჰიბიტორები აქამდეც უკვლევიათ, თუმცა არც ერთი არ არის STK33-ისთვის სპეციფიკური ანდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ცოცხალ ორგანიზმებში STK33-ის ფუნქცია ქიმიურად შეაფერხოს".
როგორ აღმოაჩინეს ეფექტიანი STK33 ინჰიბიტორი
მკვლევრებმა ტექნოლოგია DEC-Tec-ის გამოყენებით მილიარდობით ნაერთის სკრინინგი ჩაატარეს, შედეგად კი STK33-ის ძლიერი ინჰიბიტორები გამოავლინეს. შემდეგ მათი მოდიფიცირებული ვერსიები შექმნეს, რათა ინჰიბიტორები უფრო სტაბილური, ძლიერი და შერჩევითი გაეხადათ. მოდიფიცირებულ ვერსიებს შორის ნაერთი CDD-2807 ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ CDD-2807-ის მოქმედება თაგვებზე შეამოწმეს. მათ პრეპარატი სხვადასხვანაირი დოზებითა და დროის შუალედებით გამოცადეს, შემდეგ კი თაგვებში სპერმატოზოიდების რაოდენობა, ასევე მოძრაობისა და განაყოფიერების უნარები შეამოწმეს.
ნაერთმა დაბალი დოზებითაც კი წარმატებით შეძლო, თაგვებში სპერმატოზოიდების რაოდენობა და მათი მოძრაობა შეესუსტებინა. საგულისხმოა, რომ მკურნალობისას ცხოველებს მოწამვლის ნიშნები არ გამოვლენიათ; ნაერთი ტვინში არ დაგროვებულა და არც სათესლე ჯირკვლების ზომა შეცვლილა.
რაც მთავარია, კონტრაცეპტივის ეფექტი შექცევადი აღმოჩნდა — ნაერთის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ სპერმატოზოიდები თავდაპირველ მაჩვენებლებს დაუბრუნდა და თაგვებს ნაყოფიერება აღუდგათ.
საგულისხმოა ისიც, რომ ნაშრომში მკვლევრებმა STK33-ის კრისტალური სტრუქტურა პირველად წარმოადგინეს დეტალურად. ასე წარმოაჩინეს, თუ როგორ ურთიერთქმედებს ერთ-ერთი ძლიერი ინჰიბიტორი STK33-თან. ეს მათ ნაერთისთვის უკეთესი მახასიათებლების მიცემაში დაეხმარა.
"მომდევნო წლებში გვინდა, პრიმატებში უკეთ შევისწავლოთ STK33 ინჰიბიტორი და CDD-2807-ის მსგავსი ნაერთები, რათა გავიგოთ, რამდენად შედეგიანია ისინი, როგორც კაცის შექცევადი კონტრაცეპტივები", — დასძინა მაცუკმა.
კომენტარები