ჩინეთის კოსმოსური აპარატი მთვარის შორეულ მხარეს წარმატებით დაეშვა
2 ივნისს, პეკინის დროით 06:23 საათზე, ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილი კოსმოსური აპარატი ციური სხეულის შორეულ მხარეს დაეშვა. კერძოდ, ის დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე კრატერში დაჯდა, რომელიც NASA-ს პროგრამა Apollo-ს სახელს ატარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთვარის შორეულ მხარეს ჩინური აპარატის დაშვების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი მისია Chang'e 4 იყო, რომლის ფარგლებშიც მავალი და დასაშვები მოდული ობიექტის ზედაპირზე 2019 წელს განთავსდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
თუ Chang'e 6 ბოლომდე გეგმის მიხედვით განხორციელდება, ის კოსმოსურ კვლევებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რადგან მისიის მიზანი ამ რეგიონში გრუნტის ნიმუშების შეგროვება და ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნაა. ეს იმითაა გამორჩეული, რომ აქამდე მთვარის შორეულ მხარეს არსებული მატერია მეცნიერებს პირდაპირ არ გამოუკვლევიათ.
მთვარის ყველა ადრინდელი მისია (Chang'e 4-მდე) იმ ნახევარსფეროში განხორციელდა, რომელიც მუდმივად დედამიწისკენაა მობრუნებული, ამიტომ ახლო ეწოდება. მისგან განსხვავებით, შორეულ მხარეს ჩვენი პლანეტიდან ვერასდროს ვხედავთ. ეს, თავის მხრივ, კომუნიკაციის პრობლემასაც ქმნის, ამიტომ იქ გაშვებული აპარატებისგან მონაცემების მისაღებად სპეციალური "შუამავალი" ზონდებია საჭირო. ჩინეთმა Chang'e 4-ისა და Chang'e 6-სთვის იქ ასეთი თანამგზავრები წინასწარ გაგზავნა.
თავად Chang'e 6 მთვარეზე 6 მაისს გაუშვეს. მან დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 4 დღეში მიაღწია და მომდევნო კვირები სათანადო ტრაექტორიაზე განლაგებას მოანდომა, რათა განსაზღვრულ არეალში უსაფრთხოდ დამჯდარიყო. აპარატი ციური სხეულის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა, მასზე მიმაგრებული ზონდი და დედამიწის ატმოსფეროში შემოსასვლელად საჭირო მოდული კი ორბიტაზე დარჩა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დასაშვები მოდული მთვარის გრუნტს შეაგროვებს როგორც უშუალოდ ზედაპირიდან, ისე 2 მეტრამდე სიღრმიდან (ბურღის მეშვეობით). ამ მასალას რაკეტა ორბიტაზე აიტანს, საიდანაც მას დედამიწაზე ზონდი წამოიღებს, რომლის ხმელეთზე დაშვებაც 25 ივნისსაა მოსალოდნელი.
ნიმუშების შესწავლა მთვარის შორეული მხარის ისტორიაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ამ მონაცემებს მის ახლო მხარეს Chang'e 5-ის მიერ შეგროვებული გრუნტისას შეადარებენ და გაარკვევენ, რა განსხვავებაა მათ შორის.
პროგრამა Chang'e მთვარის ჩინური ღვთაების სახელს ატარებს. პირველი მისია ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელდა, Chang'e 7 კი 2026 წლისთვისაა ჩანიშნული და ადგილობრივი რესურსების გამოკვლევას ისახავს მიზნად. 2028 წელს Chang'e 8 ამ მარაგების გამოყენების პოტენციალს შეისწავლის, 2030 წლისთვის კი ჩინეთს იქ უკვე ასტრონავტების გაგზავნა სურს. უნდა ითქვას, რომ NASA ამას უფრო ადრე, 2026 წელს, აპირებს.
კომენტარები