თბილისში, რუსთავსა და თელავში ატმოსფერული ჰაერი დაბინძურდა — რა ვიცით
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. კერძოდ, სადგურების მიერ მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მომატებული შემცველობა თბილისში, რუსთავსა და თელავში 28 მაისიდან ფიქსირდება.
სააგენტოს ცნობით, ეს, ძირითადად, ე.წ. ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება, კონკრეტულად კი სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ცვლილება ზემოხსენებულ ქალაქებში განლაგებულმა 8 სადგურმა დააფიქსირა. მათგან ერთი თელავშია, ორი რუსთავში, დანარჩენი ხუთი კი — თბილისში.
დედაქალაქში ყველაზე მეტ დაბინძურებას აღმაშენებლის გამზირზე არსებული სადგური აჩვენებს. 30 მაისის 16:00 საათის მონაცემებით, იქ PM10-ის კონცენტრაცია თითო კუბურ მეტრზე 107.69 მიკროგრამია (მკგ/მ3), ხოლო PM2.5-ის — 35.68 მკგ/მ3.
პირველი მაჩვენებელი "ძალიან ცუდ" ჰაერს ნიშნავს, მეორე კი "ცუდის" კატეგორიაში გადის. იხილეთ სკალა:
რაც შეეხება რუსთავს, მეგობრობის გამზირზე განთავსებულმა სადგურმა 16:00 საათზე PM10-ის შემცველობა 128.54 მკგ/მ3 დააფიქსირა, PM2.5-ისა კი — 36.44 მკგ/მ3.
თელავში ატმოსფერული ჰაერი შედარებით ნაკლებადაა დაბინძურებული, მაგრამ სკალაზე "ცუდ" ნიშნულზეა. იქ PM10-ის კონცენტრაცია 52.15 მკგ/მ3-ია.
PM10 ეწოდება ისეთ ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრიც 10 მიკრომეტრი ან ნაკლებია. PM2.5-ის ზომა, როგორც სახელიც მიუთითებს, მაქსიმუმ 2.5 მიკრომეტრია. ამგვარი პროპორციების მქონე ნაწილაკები მტვერში გვხვდება, რომელიც შესაძლოა, უდაბნოდან სხვადასხვა რეგიონში გავრცელდეს და ჰაერის დაბინძურება გამოიწვიოს.
ამ ნაწილაკების ზომიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, მათ ადამიანის სასუნთქ სისტემაში შეაღწიოს და ჯანმრთელობის პრობლემებს დაედოს საფუძვლად. შესაბამისად, ჰაერის სისუფთავის შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური გამოწვევაა.
კომენტარები