არქეოლოგებმა რამზეს II-ის პირვანდელ სარკოფაგს მიაგნეს
ახალი კვლევის თანახმად, ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში მდებარე კოპტური შენობის ქვეშ 2009 წელს აღმოჩენილი გრანიტის ფრაგმენტი იმ სარკოფაგის ნაწილია, რომელიც ფარაონ რამზეს II-ს ეკუთვნოდა.
არქეოლოგებმა იცოდნენ, რომ ამ სარკოფაგში სხვადასხვა დროს ორი ინდივიდი იყო დაკრძალული, რომელთაგანაც მხოლოდ ერთის იდენტიფიცირება მოხერხდა — 21-ე დინასტიის უმაღლეს ქურუმ მენხეპერის. ის იქ შედარებით გვიანდელ პერიოდში განისვენებდა, მაგრამ ვის ეკუთვნოდა სარკოფაგი უფრო ადრე, აქამდე გაურკვეველი იყო. ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ მოეპოვებოდათ, რომ საქმე ეგვიპტის ახალ სამეფოში საკმაოდ გავლენიან ადამიანთან უნდა ჰქონოდათ.
მეტის გასაგებად მეცნიერებმა ოვალური ფორმის ორნამენტი, კარტუში, შეისწავლეს, რომელიც 2009 წელს მიკვლეულ ფრაგმენტზეა დატანილი. სპეციალისტების თქმით, იქ ფარაონის სახელი წერია, "თავად რამზეს II", რაც მიანიშნებს, რომ ეს სარკოფაგი თავდაპირველად სწორედ მას ეკუთვნოდა.
ის ეგვიპტეს მე-19 დინასტიის დროს მართავდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1279-1213 წლებში. მან სახელი დღევანდელ სირიამდე ტერიტორიების განვრცობითა და ნაგებობით გაითქვა, მაგალითად კარნაკის ტაძრების კომპლექსის გაფართოებით.
მისი მუმია და კუბო 1881 წელს დეირ ელ-ბახრის ტაძარში, დამალულ ადგილას, აღმოაჩინეს. ამ კომპლექსში კიდევ 50 სხვა გავლენიანი ადამიანის მუმიას მიაგნეს, მათ შორის რამზეს II-ის. ამ უკანასკნელის კუბო დღემდე ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ ასეთ ნიმუშად მიიჩნევა და ორნამენტებითაა დაფარული.
ის მანამდე ოქროს კუბოში იყო მოთავსებული, ალებასტრისგან დამზადებულ სარკოფაგში, რომელიც მძარცველებმა გაანადგურეს. რამზეს II შემდეგ უკვე გრანიტის სარკოფაგში გადაასვენეს, რომელიც მენხეპერმა ქალაქ აბიდოსში თავისთვის გამოსაყენებლად გადაიტანა. ავტორები ამბობენ, რომ უკანასკნელი აღმოჩენა სარკოფაგების ხელახლა გამოყენების პრაქტიკაზე მიანიშნებს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Revue D'Égyptologie გამოქვეყნდა.
კომენტარები