როგორ საუბრობდნენ ნეანდერტალელები და იყენებდნენ თუ არა ისინი მეტაფორებს
ნეანდერტალელები მკვლევრებში დიდ ინტერესს იწვევენ. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს სახეობა არც თუ ისე განვითარებული იყო, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელი გონებრივი შესაძლებლობებით დიდად არ ჩამოგვრჩებოდა. ნეანდერტალელების შესწავლა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის უნიკალურობის უკეთ გასაგებად.
ჩვენ ნეანდერტალელებთან საერთო წინაპარი დაახლოებით 600 000 წლის წინ გვყავდა. ისინი ევროპის კონტინენტზე განვითარდნენ, მაშინ როცა ჩვენ აფრიკაში. ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. ამის პარალელურად ჩვენ მთელს დედამიწას მოვედეთ და პლანეტა ავითვისეთ. მკვლევრებს აინტერესებთ, თუ რამ განაპირობა მათი გადაშენება და ჩვენი გადარჩენა.
ახალი კვლევები ჩვენსა და ნეანდერტალელების ტვინებს შორის სხვაობებზე უთითებს. ამ განსხვავებებმა ჰომო საპიენსს საშუალება მისცა გამოემუშავებინა აბსტრაქტული და რთული იდეები მეტაფორის საშუალებით. თუმცა, ექსპერტები ამ ყველაფერში ბოლომდე ვერ თანხმდებიან, ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენს ტვინებს შორის ღრმა განსხვავებები არ იქნებოდა, მაშინ როცა სხვების აზრით განსხვავება მნიშვნელოვანი იყო.
მსგავსი უთანხმოება გასაკვირი არ არის, რადგან ისეთი მატერიალური ნარჩენებისგან, როგორიცაა ძვლები და არტეფაქტები ტვინის შესაძლებლობებზე ზუსტი დასკვნების გაკეთება რთულია.
ახალი ანატომიური მტკიცებულებების თანახმად, ნეანდერტალელებს ვოკალური ტრაქტი და სმენის მახასიათებლები ჩვენი მსგავსი ჰქონდათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ანატომიური პერსპექტივიდან მათ ისევე შეეძლოთ მეტყველების საშუალებით კომუნიკაცია, როგორც ჩვენ. ამასთან, ჩვენში ნეანდერტალელის გენებია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯვარება შეგვეძლო.
ნეანდერტალელების ხის შუბების აღმოჩენამ და სხვა იარაღებმა ასევე გვაფიქრებინა, რომ მათი შესაძლებლობები ჩვენთან თანაკვეთაში იყო.
ასევე: როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები და როგორი იყო მათი ხის იარაღები
ნეანდერტალელის ტვინის 3D ციფრული რეკონსტრუქცია მიუთითებს სტრუქტურაში მნიშვნელოვან განსხვავებებზე. ნეანდერტალელებს ჰქონდათ შედარებით დიდი კეფის წილი, რომელიც ტვინის მეტ მატერიას ვიზუალურ დამუშავებას უთმობდა და ნაკლებს სხვა ამოცანებს, როგორიცაა მეტყველება.
მათ ასევე ჰქონდათ შედარებით პატარა და განსხვავებული ფორმის ნათხემი. ეს ქვეკორტიკალური სტრუქტურა, რომელიც შეფუთულია ნეირონებით, ხელს უწყობს მრავალი ამოცანის შესრულებას, მათ შორის ენის დამუშავებასა და თავისუფალ მეტყველებას.
ამ ყველაფრის ფონზე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ "შემეცნებისა და სწავლის კომპლექსური ქსელის ცვლილებები მოხდა თანამედროვე ადამიანის ევოლუციისას" და ეს უნიკალურია მხოლოდ ჩვენი სახეობისთვის.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვიყენებთ ცნებებს, რომლებსაც ვუკავშირებთ სიტყვებს. ეს ხდება ტვინის ორივე ნახევარსფეროში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც დავინახავთ, იდეების ამ კლასტერების დაკავშირება სწორედ ის არის, რაც ნეანდერტალელისგან განგვასხვავებდა.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რომელი სახეობა იყო, რომელმაც პირველი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მეტაფორების გაგება შეეძლო.
ასევე: რა განსხვავება იყო ჰომო საპიენსებსა და ნეანდერტალელებს შორის
კვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელებისა და ჩვენი სასაუბრო ენა წყობით მსგავსი იქნებოდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი უძველესი ადამიანის სახეობის ჰომო ერექტუსის მიერ დაახლოებით 1,6 მილიონი წლის წინ დაიწყო.
ამ ტიპის სიტყვების თაობიდან თაობაზე გადაცემისას, თვითნებური სიტყვები და სინტაქსის წესები გაჩნდა, რაც ადრეულ ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსებს ეკვივალენტურ ლინგვისტურ და შემეცნებით შესაძლებლობებს აძლევდა.
თუმცა, განსხვავებები აუცილებლად იქნებოდა, რადგან ორივე სახეობა განვითარებას დამოუკიდებლად განაგრძობდა. ჩვენი ტვინის ფორმა სფერული გახდა, თავისი სპეციფიკური ნერვული ქსელებით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ნეანდერტალელებს ხატოვანი სიტყვების წარმოთქმის ეკვივალენტური უნარი გვქონდა, მეტაფორის გააზრების მხრივ განსხვავება იქნებოდა.
შედეგად, ჩვენმა სახეობამ მეტაფორის გამოყენებით აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი მოიპოვა. ეს საშუალებას მოგვცემდა გაგვევლო ხაზი ფართოდ განსხვავებულ ცნებებსა და იდეებს შორის.
ჩვენსა და ნეანდერტალელებს შორის არსებულმა ამ განსხვავებამ (მეტაფორამ) შეცვალა სახეობების ენა, აზროვნება და აღქმა. შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ მეტაფორის ფენომენმა დაუშვა ის, რომ ნეანდერტალელები გადაშენდნენ, ჩვენ კი პლანეტა ბოლომდე ავითვისეთ.
კომენტარები