ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
2022 წლის სექტემბერში NASA-ს ზონდმა ჯუნომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ახლო მანძილზე ჩაუარა და მისი გასაოცარი ფოტოები გადაიღო. ამ გზით მეცნიერებმა ყინულოვანი ციური სხეულის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის სურათები მოიპოვეს, რამაც მისი უკეთ შესწავლა გახადა შესაძლებელი.
ჯუნოს გამოსახულებების შესახებ აშშ-ის სააგენტომ ბლოგპოსტი ახლახან გამოაქვეყნა. მათზე ევროპას ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებული ოკეანის პოტენციური კვალია აღბეჭდილი. ასეთი ნიშნები აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ JunoCam დააფიქსირა, როცა ობიექტისგან 355 კილომეტრი აშორებდა. ინსტრუმენტ Stellar Reference Unit (SRU)-ს მეშვეობით ზონდმა ევროპას "ჩაბნელებული" მხარეც გადაიღო, რომელსაც მხოლოდ იუპიტერის ღრუბლებიდან არეკლილი სინათლე ანათებს.
SRU-ს დახმარებით საინტერესო წარმონაქმნი ვიხილეთ, რომელსაც უცნაური ფორმის გამო Platypus, ანუ "იხვნისკარტა", შეარქვეს. ეს უსწორმასწორო არეალია, რომლის მიმდებარედაც ყინულის გროვები, ბორცვები, ქედები და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები გვხვდება. ასეთი რეგიონები იქ აქამდეც დაფიქსირებულა და სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ადგილებში ქვემოთ არსებული ოკეანის მარილიანი სითხე აღწევს და ყინულს ნაწილობრივ ადნობს.
Platypus-ის სიგრძე-სიგანე 37 და 67 კილომეტრია. იქიდან გამომდინარე, რომ დროთა განმავლობაში იქ მიმდინარე პროცესების გამო მსგავსი წარმონაქმნები მალევე ქრება, ის ახლად ფორმირებული უნდა იყოს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ეს ევროპას თანამედროვე გეოლოგიური აქტიურობის, წყლისა და ზედაპირის ურთიერთქმედების, შედეგია.
მისგან 50 კილომეტრის მოშორებით სხვა საინტერესო ადგილებიცაა, მაგალითად ორმაგი ქედები მუქი ლაქებით. მეცნიერები მათ ციური სხეულის ზედაპირიდან 200 კილომეტრამდე სიმაღლეზე აფრქვეულ ორთქლის ნაკადებს უკავშირებენ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი, ანუ ევროპას ყინულოვანი ზედაპირი, მოძრაობს, ოკეანის ზემოთ "ლივლივებს", რის გამოც გეოგრაფიული პოლუსები იცვლება.
ამაზე უნდა მიუთითებდეს ბზარების მთელი სისტემაც, რომელიც ევროპაზეა. ესაა ასიმეტრიული ფორმებისა და დამრეცი ფერდობების მქონე ჩაღრმავებები, რომელთა ზომაც 20-დან 50 კილომეტრამდეა.
ეს მონაცემები 2 ნაშრომშია თავმოყრილი, რომლებიც გამოცემებში The Planetary Science Journal და JGR Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები