მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებში გონებრივი განვითარება ჩერდება, როცა შემოსავალი გარკვეულ წერტილს აღწევს.
კვლევის თანახმად, ძალიან მაღალი შემოსავლის ქონა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი საშუალოზე ჭკვიანი იქნება. მეტიც, მოსახლეობის ის 1%, რომელსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, შემეცნებითი უნარების ტესტებში იმაზე ცუდ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ოდნავ ნაკლები შემოსავლის მქონე ხალხი.
ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებში გონებრივი განვითარება ჩერდება, როცა შემოსავალი გარკვეულ წერტილს აღწევს. კვლევის ავტორების აზრით, ეს აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ოჯახურ ფონს, ხელმისაწვდომ რესურსებსა თუ სხვა მოსახერხებელ გარემოებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საერთო გონებრივ უნარებს.
მეცნიერთა განცხადებით, უკეთესი გონებრივი უნარები უფრო დიდ როლს მაშინ თამაშობს, როცა შედარებით დაბალი ანაზღაურების სამსახურებთან გვაქვს საქმე.
"დავადგინეთ, რომ უნარებსა და შემოსავალს შორის კავშირი, საბოლოო ჯამში, ძლიერია, თუმცა წელიწადში €60 000 ($64 407) შემოსავალზე მაღლა უკვე უნარები ცვლილებას წყვეტს დაახლოებით +1 სტანდარტული გადახრით", — წერია ნაშრომში — "სიმდიდრით ადამიანების ტოპ 1% შემეცნებით უნარებში ოდნავ უარეს შედეგსაც კი აჩვენებს, ვიდრე სიმდიდრით მათი შემდეგი ფენა".
ნაშრომი 59 387 შვედი კაცის მონაცემებს ემყარება, რომელთაც 18-19 წლის ასაკში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ტესტი შეავსეს. სტანდარტული მეთოდით 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ როგორც მათ სამსახურებრივ წარმატებას, ასევე გონებრივ უნარებსაც.
კვლევა მხოლოდ ერთი ეროვნებისა და სქესის ადამიანებზე ჩატარდა, ამიტომ შედეგების განზოგადება რთული იქნება. მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი იყო როგორც მონაწილეთა რიცხვი, ასევე შემოსავლებისა და სამსახურების ვარიაცია.
მიგნებები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ მერიტოკრატიაში ვცხოვრობთ, წარმატებასა და მაღალ შემოსავალს კი მაღალი ინტელექტისა და ნიჭის მქონე ადამიანები მოიპოვებენ. მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებულ ადამიანებში ინტელექტი შემოსავლის მატების შესატყვისად სულაც არ იზრდება.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გონიერებასა და განათლებას შემოსავლის კუთხით მნიშვნელობა არა აქვს. ეს ორი როლს ნამდვილად თამაშობს. მეორე მხრივ, როცა ყველაზე მაღალ ანაზღაურებაზეა საუბარი, საქმეში სხვა ფაქტორები ერთვება, ეს ფაქტორები კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათ შორის შეიძლება იყოს: სოციოეკონომიკური ფონი, კულტურა, პიროვნული მახასიათებლები და გამართლება.
"საწყის წარმატებაში თავდაპირველი სხვაობა დროთა განმავლობაში კი არ ქრება, არამედ რადიკალური უთანასწორობით დამახასიათებელი სიტუაცია იქმნება, რომელშიც ყველაფერი გამარჯვებულს ერგება", — წერენ მეცნიერები.
კვლევით დადგინდა ისიც, რომ უფრო მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში საქმის პრესტიჟი არ იზრდება გონებრივ უნარებთან ერთად. მაგალითისთვის, ექიმების, ადვოკატებისა და პროფესორების შემთხვევაში მეტი პრესტიჟი მეტ შემოსავალს პირდაპირ არ უკავშირდება.
მიგნებები მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ულტრამდიდარი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან. პარალელურად კი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ დინამიკაზე მეტ გავლენას იხვეჭავენ. ეს ადამიანები ყოველთვის სხვებზე ჭკვიანები ნამდვილად არ არიან.
მკვლევრების აზრით, რაც მეტ ყურადღებას იპყრობს უთანასწორობის საკითხი, მნიშვნელოვანია დავეჭვდეთ, ნამდვილად იმსახურებენ თუ არა უმდიდრესი ადამიანები ამ ფულს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ექსტრემალურად მაღალ ანაზღაურებაზეა საუბარი.
"ბოლო წლებში აკადემიურ სივრცესა და საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მზარდი უთანასწორობის შესახებ", — წერენ მკვლევრები — "შემეცნებითი უნარების, დამსახურების მნიშვნელოვანი ასპექტის, კუთხით ვერ ვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ ძალიან მაღალშემოსავლიანი სამსახურის მქონე ადამიანები უფრო იმსახურებენ ამას, ვიდრე ამის ნახევარი შემოსავლის მქონეები".
ნაშრომი ჟურნალში European Sociological Review გამოქვეყნდა.
კომენტარები