როგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა
40 000 წლის წინ ავსტრალიაში გიგანტური კენგურუები ცხოვროდნენ.
2013-დან 2019 წლამდე პალეონტოლოგებმა ავსტრალიაში უძველესი კენგურუს სახეობების მრავალი ჩონჩხი აღმოაჩინეს. და, აი, ახალმა კვლევამ, რომელიც ამ ნაშთებზე იყო ფოკუსირებული, გადაშენებული კენგურუების სამი სახეობა აღმოაჩინა.
ერთ-ერთი ასეთი სახეობა, Protemnodon viator 170 კილოგრამს იწონიდა. ცნობისთვის, დღეისთვის ყველაზე მასიური კენგურუ (წითელი კენგურუ) 90 კილოგრამს იწონის.
დანარჩენი ორი სახეობაც Protemnodon-ის გვარს ეკუთვნის, რომელიც 40 000 წლის წინ გადაშენდა. საუბარია Protemnodon mamkurra-სა და Protemnodon dawsonae-ზე.
"დღეს კენგურუები გამორჩეული ცხოველები არიან, ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა, თუ როგორი იქნებოდა ასეთი გიგანტური არსება", — თქვა დოქტორმა ისააკ კერმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა და ფლინდერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა.
კენგურუს სახეობების ნამარხი
Protemnodon-ის გვარის ისტორია 150 წლის წინ დაიწყო. ბრიტანელმა პალეონტოლოგმა სერ რიჩარდ ოუენმა (რომელმაც დაამკვიდრა სიტყვა "დინოზავრი") 1874 წელს პირველი Protemnodon-ის სახეობა აღმოაჩინა.
ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მან აღწერა, იყო Protemnodon anak, კენგურუ, რომელიც დაახლოებით 131 კილოგრამს იწონიდა. შემდგომმა კვლევებმა გამოავლინა Protemnodon roechus, კიდევ ერთი გიგანტური კენგურუ, რომელიც 166 კილოგრამს იწონიდა.
ახლად იდენტიფიცირებული P. viator იყო უფრო მძიმე ვიდრე P. anak და შესაძლოა, P. roechus-ზე მეტსაც იწონიდა. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენთვის ცნობილი კენგურუებიდან ყველაზე დიდი იყო.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ P. viator ავსტრალიის იმავე ნაწილებში ბინადრობდა, სადაც ამჟამად წითელი კენგურუ ცხოვრობს. ამ გიგანტურ კენგურუს გრძელი კიდურები ჰქონდა, რაც მას სწრაფად მოძრაობის საშუალებას მისცემდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კენგურუს შორ მანძილზე გადაადგილებაც შეეძლო.
მეორე სახეობას (P. mamkurra) ასეთი უნარი არ გააჩნდა. მისი სქელი და მძიმე ძვლები უთითებს იმაზე, რომ ის სავარაუდოდ ნელა მოძრაობდა. მკვლევრების თქმით, P. mamkurra შეიძლება ძალიან იშვიათად ხტუნაობდა.
მესამე კენგურუს სახეობას (P. Dawsonae) ცნობილი ავსტრალიელი პალეონტოლოგის სახელი ეწოდა. ეს სახეობა P. mamkurra-ზე უფრო მოქნილი იყო, მაგრამ P.vator-ის მსგავსად სწრაფი არ იქნებოდა.
კვლევა ჟურნალ Megataxa-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები