შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა
ასტრონომებმა დააფიქსირეს, როგორ გააქტიურდა მოულოდნელად მძლავრი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც მკვდარი მნათობის ბირთვია. მათ მაგნეტარები ეწოდება, ზემოხსენებული "გაცოცხლებული" ასეთი ობიექტი კი ჩვენგან დაახლოებით 8 000 სინათლის წლით დაშორებული XTE J1810-197-ა. მას მეცნიერები ავსტრალიაში მდებარე პარკსის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ.
მაგნეტარების უმეტესობა პოლარიზებულ სინათლეს ასხივებს, რომლის ტალღებიც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადაადგილდება. ამისგან განსხვავებით, XTE J1810-197-ს წრიული პოლარიზაცია ახასიათებს, ანუ მისი გამოსხივება სპირალური სტრუქტურისაა, რაც უპრეცედენტოა.
მაგნეტარის ტიპის ნეიტრონული ვარსკვლავები მაშინ წარმოიქმნება, როცა მასიურ მნათობებში წყალბადის ბირთვული რეაქციები ვეღარ მიმდინარეობს. შედეგად, ისინი კოლაფსს განიცდის, გარე შრეებს კარგავს და მხოლოდ მკვრივი ცენტრალური ნაწილი რჩება, რომელიც მზეზე 1-2-ჯერ მასიურია, მაგრამ დაახლოებით 20 კილომეტრი სიგანისაა.
გარე ატმოსფეროს მასის ასეთი კარგვა ამ ობიექტების ბრუნვის ტემპს ისე აჩქარებს, რომ ზოგი მათგანი წამში 700 ბრუნსაც კი ასრულებს. ასევე, მაგნიტური ველის ხაზების ერთად შემჭიდროება მას აძლიერებს და ინტენსივობას მატებს. ამის გამო ნეიტრონული ვარსკვლავების ნაწილში, მაგნეტარებში, მაგნიტური ველი მზისაზე 1 კვადრილიონჯერ მძლავრია.
მათგან მომავალ რადიოტალღებს იშვიათად აფიქსირებენ. XTE J1810-197-ის შემთხვევაში ეს პირველად 2003 წელს მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ ის 1 დეკადაზე მეტი ხნით დადუმდა. საბოლოოდ, 2018 წელს, მისი სიგნალები ისევ მივიღეთ, კერძოდ ჯოდრელ ბენკის ობსერვატორიაში. აქედან მოყოლებული ობიექტს პარკსის რადიოტელესკოპით აკვირდებოდნენ.
XTE J1810-197-ის უჩვეულო გამოსხივება შესაძლოა, ძალიან ცხელი პლაზმის დამსახურება იყოს, რომელიც მისი მაგნიტური პოლუსის თავზეა და მაპოლარიზებელი ფილტრის ფუნქციას ასრულებს. როგორ ხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამატებითი დაკვირვებებით მაგნეტარებთან დაკავშირებული ამ და სხვა ფენომენების შესახებ მეტს გაიგებენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები