ტრანსჰუმანიზმი კაცობრიობის მომავლის ხედვაა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის გამოყენებას უჭერს მხარს. ტრანსჰუმანიზმში ისეთი ბუნებრივი მოცემულობები როგორებიცაა დაავადებები, დაბერება და სიკვდილი დაძლეული უნდა იყოს.

ეს ცარიელი სიტყვები არ არის. დღეს ადამიანი უკვე იცვლება და ამაში დიდი როლი სწორედ ტექნოლოგიებს მიუძღვის. იმპლანტები, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი — ამ სფეროების განვითარება ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების ცვლილებას მოასწავებს.

ნახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს

ტრანსჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ უკეთესობისკენ შეცვლის. ერთ-ერთი ასეთი მოაზროვნე ზოლტან ისტვანია.

ზოლტანი ამერიკელი ტრანსჰუმანისტი, ჟურნალისტი და ანტრეპრენერია. მან ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიისა და რელიგიის ფაკულტეტზე, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. იგი ავტორია ბესტსელერისა Transhumanist Wager. აღსანიშნავია ისიც, რომ მან, აშშ-ის ტრანსჰუმანისტური პარტიის სახელით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაც აწარმოა. ზოლტანი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს ტრანსჰუმანისტურ იდეებს აქტიურად აცნობს და წერს ისეთი გამოცემებისთვის როგორებიცაა: The New York Times, Newsweek, National Geographic, New Scientist და სხვა.

ფოტო: Zoltan Istvan

ზოლტანი 1973 წელს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში დაიბადა. მისი მშობლები 1968 წელს უნგრეთიდან კომუნისტურ წყობილებას გამოექცნენ და შვილს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დიდი სიყვარული შთააგონეს. მან სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე დაიწყო. მისი თქმით, ის თავიდანვე ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა და მალევე National Geographic TV-ში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქედან იწყება მისი მეცნიერებით გატაცება.

როგორც ზოლტანი მომიყვა, ტრანსჰუმანიზმზე ფიქრი ვიეტნამში ჟურნალისტად მუშაობისას დაიწყო, როდესაც კინაღამ ნაღმზე აფეთქდა.

"ამ ფაქტმა სიკვდილზე და მის აბსურდულობაზე სერიოზულად დამაფიქრა. დავინტერესდი მეცნიერული გზების ძიებით, რომლებიც სიკვდილს ისტორიაში დატოვებს. სწორედ ტრანსჰუმანიზმია ის მთავარი ხედვა და მოძრაობა, რომელიც ამის გაკეთებაზე სერიოზულად ფიქრობს", — მითხრა ზოლტანმა.

"ადამიანს მიღმა"

ზოლტანის თქმით, ლათინურად ტრანსჰუმანიზმი "ადამიანს მიღმას" ნიშნავს და ეს ამ აქტივობის იდეალური განმარტებაა.

"თუ თქვენ ხელს ან ფეხს დაკარგავთ ტექნოლოგია რობოტულ კიდურებს გთავაზობთ, ის ვინც პარალიზებულია ტვინის იმპლანტებით საგნების გადაადგილებას იწყებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, დღეს ეს ტექნოლოგია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვისაა, ხვალ ის ყველასთვის იქნება. მაგალითად, მე ხელში მაქვს ჩიპი, რომლითაც ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შემიძლია. მომავალში ასეთი ტექნოლოგიები და ჩვენ კიდევ უფრო დავკავშირდებით. ეს არის პროცესი, რა დროსაც ევოლუცია ადამიანის ხელში გადმოდის", — ამბობს ზოლტანი.

ასევე: ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა

36 წლის ასაკში ზოლტანი დაოჯახდა და სწორედ ამ დროს დაიწყო თავის ფილოსოფიურ ნოველა Transhumanist Wager-ზე მუშაობა. წიგნზე მუშაობის პროცესი 4 წელი გაგრძელდა და მისი გამოსვლიდან ის მალევე ბესტსელერად იქცა. წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა და როგორც ავტორი ამბობს, ის ტრანსჰუმანისტური მანიფესტიცაა, რომელიც მკითხველს პოსტჰუმანისტურ მომავალსა და სიკვდილის ალტერნატივებს სთავაზობს.

ფოტო: amazon

რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ზოლტანი ტრანსჰუმანისტური იდეების არა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკასა და საგანმანათლებლო სფეროში დანერგვას ცდილობს, არამედ პოლიტიკაშიც. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ზოლტანმა აშშ-ის ტრანსჰუმანისტური პარტიის სახელით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა. 2017 წელს ის კალიფორნიის გუბერნატორის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდა, ხოლო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ტრამპის კონკურენტადაც მოგვევლინა. როგორც თავად ამბობს, ამ ყველაფერს ფართო მასებში ტრანსჰუმანისტური იდეების გასავრცელებლად აკეთებს.

"სიცოცხლის გახანგრძლივება, ბიორობოტები, კიბორგები, ხელოვნური ინტელექტი, იმპლანტები — ყველაფერი ეს გარდაუვალი მომავალია და რაც მალე დავიწყებთ ამ თემებზე პოლიტიკურ დონეზე საუბარს მით უკეთესი. შეიძლება დღეს ამ თემებით არჩევნებს ვერ მოიგებ, მაგრამ ეს არის ის მომავალი, რომელშიც უკვე ვართ და ჩვენ მისი გააზრება გვჭირდება. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები სწორედ რომ მთავარი პოლიტიკური თემები გახდება", — მითხრა ზოლტანმა.

ფოტო: bioedge

შემდეგი პოდკასტი: პოსტჰუმანიზმი — კაცობრიობის მომავალი

ხელოვნური ინტელექტი პოლიტიკაში

ზოლტანთან პოლიტიკის მომავალზეც ვისაუბრე და ვკითხე, თუ როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტის როლს ამ მხრივ. მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ნაწილობრივ მთავრობის როლსაც შეასრულებს. ეს ბევრი თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი პოლიტიკოსების მიკერძოებულობას გავითვალისწინებთ. ზოლტანს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება ობიექტური და მისი გადაწყვეტილებები მათემატიკურ გამოთვლებს დაეფუძნება.

ასევე: დანიაში ახალ პოლიტიკურ პარტიას ხელოვნური ინტელექტი ხელმძღვანელობს — ალგორითმი პარლამენტში?!

წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც "მთავრობა", ანუ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს იმას, რაც უბრალოდ საუკეთესოა კონკრეტული სიტუაციისთვის. ასეთ რეალობაში "მთავრობა" არ არის მიკერძოებული, სუბიექტური და თავისი შეხედულებების თავზე მოხვევას არ ცდილობს, ის უბრალოდ გვთავაზობს იმას, რაც საუკეთესოა. სწორედ ასეთი რეალობა წარმოუდგენია ზოლტანს, როდესაც პოლიტიკის მომავალზე ფიქრობს.

პოლიტიკაში ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის შეიძლება უცნაურად, ან სულაც შემაშინებლად ჟღერდეს. ამიტომ, ზოლტანს მიაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაცია პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ, ხოლო უნივერსიტეტებში მას ბევრად მეტი დრო უნდა ეთმობოდეს.

"ხელოვნური ინტელექტი უკვე აქ არის და უნივერსიტეტები მომავალ თაობას ამისთვის შესაბამისად არ ამზადებენ. სულ მალე ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში იქნება და ყოველი პროფესიის წარმომადგენელს მასთან თანაცხოვრება დასჭირდება. ამის პარალელურად, თითქოს ამ ყველაფერს ვაიგნორებთ, დღეს ჩვენი გმირები სპორტსმენები და მსახიობები არიან, არადა ყველაფერი მეცნიერებზე გადის. მომავალი თაობის გმირები მეცნიერები და გამომგონებლები უნდა იყვნენ", — ამბობს ზოლტანი.

ზოლტანს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება მაინც საჭიროა. თუმცა, რეგულაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და ამან პროგრესი არ უნდა შეაჩეროს. ზოლტანი, ილონ მასკის არ იყოს, ფიქრობს, რომ მთავარი აქცენტი "სიმართლეზე" უნდა გაკეთდეს. ანუ, ხელოვნური ინტელექტი არ უნდა ატყუებდეს ადამიანებს, არ უნდა ავრცელებდეს დეზინფორმაციას და რეგულაციებიც ამ მიმართულებითაა საჭირო.

ფოტო: DANIEL SOLLINGER

ზოლტანი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს უსაფრთხო და ასეთ შემთხვევაში, ჩვენი განვითარებაც უსაფრთხოდ მოხდება. მასთან საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი ჩემთვის ის იყო, თუ როგორ ხედავს ის ახლო თუ შორეულ მომავალს.

უახლოესი მომავალი — ადაპტირების საჭიროება და უკვდავება

ზოლტანს მიაჩნია, რომ კვანტური კომპიუტერების განვითარებასთან ერთად ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო დაიხვეწება, შესაბამისად გაიზრდება კაცობრიობის გამოთვლითი შესაძლებლობები.

"ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად აუცილებელია ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი იქნება ყველგან, ხოლო ადამიანები უსაქმოდ დავრჩებით. თუ ადაპტირებას შევძლებთ, შედეგად მივიღებთ ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ხარისხს. ტექნოლოგიები გამოჩნდება უშუალოდ ჩვენს სხეულში, ამის ხარჯზე გაიზრდება როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობა, ისე მისი ხარისხი".

ზოლტანმა ისიც მითხრა, რომ უახლოეს 10 წელიწადში ძალიან ბევრ ადამიანს სხეულში იმპლანტი ექნება (როგორც ახლა მას) და ეს ჩვენს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მისი აზრით, სწორედ ეს ტექნოლოგია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ ხელოვნურ ინტელექტს შევერწყათ.

რაც შეეხება კონკრეტულად სიცოცხლის გახანგრძლივებას, ზოლტანს მიაჩნია, რომ ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა.

"ბიოლოგიური უკვდავება? ეს ალბათ უფრო რთული იქნება და მინიმუმ 20 წელი ვერ მოვესწრებით. რაც შეეხება გაციფრულებას, ამ მხრივ კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვარ. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, ის ვინც ახლა 50 წლის ქვემოთაა, თავისუფლად შეიძლება უკვდავებას მოესწროს".

შორეული მომავალი და კიბორგობა

შორეულ მომავალს რაც შეეხება, ალბათ მიხვდებოდით, რომ ზოლტანს ჰომო საპიენსის ახალ სახეობად გარდაქმნა წარმოუდგენია.

"ვფიქრობ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გარდაქმნაზე უარს იტყვიან. მიუხედავად ამისა, სრული უმრავლესობა უარს არ იტყვის იმ სარგებელზე, რომელიც კიბორგობას შეუძლია მოგვიტანოს. მგონია, რომ პირველი ეტაპი სრულად კიბორგად გარდაქმნაა, უკვე ამის შემდეგ კი გაციფრულება იქნება. ეს 100 წლის პერსპექტივაა, მაგრამ საბოლოოდ გადავიქცევით რაღაცა ახალ, განსხვავებულ სიცოცხლის ფორმად", — აღნიშნა ზოლტან ისტვანმა.

რას ნიშნავს გაციფრულება? ზოლტანის აზრით, ახალ არსებას სრული წვდომა ექნება ხელოვნურ ინტელექტზე და მას ფიზიკური სხეული აღარ დასჭირდება. იმ შემთხვევაში თუ ყველა გაციფრულდება, ჩვენ გონებით ერთმანეთთან დაკავშირებაც გაგვიადვილდება, ეს კი მილიონობით გონების ერთობლიობას ნიშნავს.

რა განსხვავება იქნება ასეთ "კოლექტიურ" გონსა და ჩვენს შორის? ზოლტანის აზრით, 100 წლის შემდეგ ასეთი არსება ჩვენზე დაახლოებით იმდენად ჭკვიანი იქნება, რამდენადაც უფრო ჭკვიანები ვართ ახლა ჩვენ ჭიანჭველებზე.

რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? წარმოიდგინეთ, ბრუნდებით რამდენიმე თაობით უკან წარსულში და თქვენს უშუალო წინაპარს უხსნით, რომ გაქვთ მოწყობილობა, რომლითაც დედამიწის ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს ეკონტაქტებით. ის გაოცებული გიყურებთ, მაგრამ თქვენ აგრძელებთ და უმხელთ, რომ ამ მოწყობილობაში მთელი სამყაროს "ჩატევა" შეიძლება, რთავთ სმარტფონს და აყურებინებთ ვიდეოებს ცხოველებზე, ადამიანებზე, პლანეტაზე, კოსმოსზე, გალაქტიკებზე, შავ ხვრელებზე, უჯრედებზე, მოლეკულებზე, ატომებზე, ელექტრონებზე... თქვენ შორის სულ რაღაც სამი-ოთხი თაობაა, მაგრამ მას უკვე ღმერთი ჰგონიხართ. და, აი, ახლა დაფიქრდით, ვინ გვეგონება ჩვენი შთამომავალი 100 წლის შემდეგ?! ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ დამეთანხმებით, ამაზე ფიქრი ნამდვილად საინტერესოა!

რაც შეეხება ზოლტანს, ის 19 აპრილს თბილისში ჩამოდის და LibertyCon Europe 2024-ის სპიკერი იქნება. ზოლტანის ნახვა ამ ღონისძიებაზე შეგეძლებათ. როგორც თავად მითხრა, მისი სასაუბრო თემა ხელოვნური ინტელექტისა და ტრანსჰუმანიზმის კვეთა იქნება. ზოლტანი ასევე იმ მომავალზე ისაუბრებს, რომელშიც ჩვენი შთამომავალი 100 წლის შემდეგ იქნება და ვინ იცის, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და თუ უკვდავების მიღწევის პერსპექტივების ფონზე, იქნებ ამ მომავალში თავი თავადაც ამოვყოთ?!