ყველასთვის ცნობილია, რომ პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მსოფლიოში კბილების გასასუფთავებლად ჯაგრისები და სპეციალური საცხები მარტივადაა ხელმისაწვდომი, მაგრამ როგორ ახერხებდნენ ამას ადამიანები ძველად, როცა მსგავსი პროდუქტები არ ჰქონდათ?

ისინი ხშირად ისეთ მეთოდებს მიმართავდნენ, რომლებიც ეფექტიანი სულაც არ იყო. პირიქით, ზოგიერთი მსგავსი საშუალება კბილებს აზიანებდა და ღრძილების დაავადებას იწვევდა. ამის მიუხედავად, ადამიანები პირის ღრუს მოვლას შეძლებისდაგვარად მაინც ცდილობდნენ.

ამის უადრესი დასტური ხორვატიაში მდებარე გამოქვაბულში ნაპოვნი კბილებია, რომლებიც 130 000 წლის წინ მცხოვრებ ნეანდერტალელს ეკუთვნის.

ფოტო: University of Kansas

მათზე შემორჩენილია კვალი, რომელიც მიანიშნებს, რომ ადამიანის ამ სახეობის წარმომადგენელი ერთგვარ საჩიჩქნს რეგულარულად იყენებდა. ვარაუდობენ, რომ ეს ძვლის ფრაგმენტი ან მაგარი ბალახი უნდა ყოფილიყო, რომლითაც ის კბილებიდან საჭმლის ნარჩენებს იცლიდა.

ჩვენთვის ცნობილი უადრესი "სტომატოლოგიური პაციენტის" კბილების ნიმუში დაახლოებით 14 000 წლის წინანდელია. ნაშთები იტალიაშია მიკვლეული და მათი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ინდივიდს კარიესი აწუხებდა, რომლის მოშორებასაც ბასრი ქვით მიზანმიმართულად ცდილობდა.

ფოტო: Scientific Reports

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 500 წელს ძველმა ეგვიპტელებმა კბილის გასაწმენდი პირველი საშუალება შექმნეს, რომელსაც პუდრის სახე ჰქონდა. მასში ისეთი ინგრედიენტები შედიოდა, როგორიცაა რქოსანი ცხოველების ჩლიქების ფერფლი, კვერცხის ნაჭუჭი, ხის ფისი და პემზა.

მოგვიანებით სპარსელებმა ამ ნარევს დამწვარი ლოკოკინა, ხამანწკის ნიჟარები, მცენარეები და თაფლი დაუმატეს. რომაელები კი პირის ღრუდან ცუდი სუნის მოსაშორებლად ხის ნახშირსა და ქერქს იყენებდნენ.

რაც შეეხება, უძველეს ჯაგრისებს, ისინი ძველეგვიპტურ და ბაბილონურ სამარხებშია მიკვლეული და ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3500 წლით თარიღდება. ეს ნიმუშები პატარა ტოტებისგანაა შექმნილი, რომლებისგანაც მცირე ზომის ბოჭკოები გამოაცალკევეს. უნდა ითქვას, რომ ამ პრიმიტიულ ჯაგრისებს ისეთი მცენარეებისგან ამზადებდნენ, რომელთაც ანტიმიკრობული ეფექტი აქვს და კარიესის წარმოქმნასაც აფერხებს.

ისეთი კბილის ჯაგრისი, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში ვიყენებთ, ჩინეთში შეიქმნა. ეს ტანის დინასტიის მმართველობის დროს, მეშვიდე-მეათე საუკუნეებს შორის პერიოდში, მოხდა. ის ტახის ბეწვისგან იყო დამზადებული, სახელურს კი ძვლისგან ან ბამბუკისგან აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ახლანდელ ჯაგრისებზე ეფექტიანი არ იყო და, სავარაუდოდ, არც ფართოდ გამოიყენებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.