ახალი კვლევის თანახმად, ჰომო ერექტუსები სპილოებზე ნადირობდნენ
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჰომო ერექტუსები სპილოებზე ნადირობდნენ და ამისთვის შესაბამის იარაღებსაც ამზადებდნენ.
ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ადამიანები 2 მილიონი წლის წინ სპილოებზე სანადიროდ იარაღებს ამზადებდნენ. აღმოჩენა ზემო გალილეას ტერიტორიაზე გაკეთდა.
კვლევა დიდი ხნის შეკითხვას ეხმიანება, რატომ იყო ამდენი უძველესი "კარიერი" ამ რეგიონში. შედეგად დადგინდა, რომ ისინი წყლის წყაროების მახლობლადაა და სპილოებთან იყო დაკავშირებული.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჰომო ერექტუსები სწორედ ასეთ ადგილებში ამუშავებდნენ თავიანთ იარაღებს, რასაც შემდეგ სპილოებზე ნადირობისთვის იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი დაახლოებით 500 000 წლის წინ ხდებოდა, ბევრად ადრე, ვიდრე თანამედროვე ადამიანი, ჰომო საპიენსი გაჩნდებოდა.
"სპილო დღეში დაახლოებით 400 ლიტრ წყალს მოიხმარს და ამიტომ ეს არსება მუდმივად მდინარეებისა და ტბების ძიებაშია", — თქვა კვლევის თანაავტორმა და თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მეირ ფინკელმა.
21 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ავტორებმა სპილოების უძველესი მიგრაციის მარშრუტები შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ ისინი მჭიდროდაა დაკავშირებული ზემო გალილეის რეგიონის უძველეს კარიერებთან.
კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ პრეისტორიულ სპილოებზე მონადირეები, როგორც ჩანს, თვლიდნენ, რომ კონკრეტული ადგილებიდან გამოყვანილი კაჟი განსაკუთრებულად შესაფერისი იყო ნადირობისთვის.
"ითვლება, რომ მონადირე-შემგროვებლები ქვის წყაროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სავარაუდოდ ამას მათთვის რიტუალური მნიშვნელობაც ჰქონოდა", — თქვა თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა რან ბარკაიმ.
ბარკაი და მისი კოლეგები თითქმის 20 წლის განმავლობაში სწავლობდნენ იმას, თუ როგორ იპოვებდნენ კაჟს ამ ადგილებში. ადრეულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ამ რეგიონში ჰომო ერექტუსისთვის სპილო ხორცის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო.
"როგორც ჩანს, პალეოლითის "წმინდა სამება" (წყალი, მტაცებელი ცხოველები და შესაფერისი ქვა) საყოველთაოდ მართებულია. სადაც წყალი იყო, იქ სპილოები მიდიოდნენ და სადაც სპილოები იყვნენ, ადამიანებს უნდა ეპოვათ შესაფერისი კლდეები ქვის მოსაპოვებლად", — თქვა ბარკაიმ.
ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰომო ერექტუსი სპილოზე ნამდვილად ნადირობდა და ამისთვის სპეციალურ იარაღებსაც ამზადებდა.
კომენტარები