ნახეთ: მარსის ახალ სურათზე, სავარაუდოდ, მდინარის მიერ წარმოქმნილი არხი ჩანს
NASA-ს მავალი Curiosity მარსს უკვე თითქმის 12 წელია, იკვლევს. ცოტა ხნის წინ მან ახალ ადგილამდე მიაღწია, რომელსაც Gediz Vallis ეწოდება. აპარატმა იქაური გარემოს ამსახველი გასაოცარი პანორამული გამოსახულება გადაიღო, რომელზეც ქვიანი არეალი და, სავარაუდოდ, მდინარის მიერ წარმოქმნილი არხი მოჩანს.
სურათი შავ-თეთრია და აღნიშნულ რეგიონს 360-გრადუსში გვიჩვენებს. ის Curiosity-იმ 3 თებერვალს გადაიღო, რისთვისაც ერთ-ერთი სანავიგაციო კამერა გამოიყენა. ამ ადგილს მავალი რამდენიმე თვის განმავლობაში შეისწავლის, რათა წითელი პლანეტის პოტენციურად თბილი და წყლიანი წარსულის შესახებ მოიპოვოს ინფორმაცია.
NASA-ს ბლოგპოსტის თანახმად, კადრზე აღბეჭდილია ქვიშის მუქი დიუნები, რომლებიც არხის ერთ მხარეს ავსებს, და უკან არსებული ნარჩენი ფრაგმენტები. მოპირდაპირედ დამრეცი ფერდობია, რომელზეც Curiosity ავიდა, რათა ამ არეალში მოხვედრილიყო.
მიიჩნევა, რომ წითელი პლანეტა ყოველთვის ასეთი მშრალი არ იყო, არამედ ძველად იქ თხევადი წყალი არსებობდა, მათ შორის მდინარეების სახითაც. შესაძლოა, Gediz Vallis სწორედ ამგვარი დინების შედეგად იყოს ფორმირებული, რადგან ის ქვენაფენ ქანშია წარმოქმნილი და ლოდებითა თუ სხვა სახის ნარჩენითაა დაფარული.
Curiosity-ის მისიაზე მომუშავე გუნდი ცდილობს დაადგინოს, როგორ წარმოიშვა არხი — ქარის, წყლის თუ მშრალი ზვავების გავლენით. ეს იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, როგორ გაჩნდა და გაქრა წყალი მარსზე. მაგალითად, არაა გამორიცხული, ამას ფაზების სახე ჰქონოდა.
Curiosity წითელ პლანეტაზე მდებარე შარპის მთისწინეთს 2014 წლიდან იკვლევს. ქვედა ნაწილი თიხის მინერალებითაა მდიდარი, რომლებიც ქვებთან წყლის ურთიერთქმედების შედეგად გაჩნდა. თავად Gediz Vallis-ის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სულფატებია, ანუ მარილოვანი მინერალები, რომლებიც ხშირად წყლის აორთქლებისას ფორმირდება.
ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული არხი შარპის მთასთან შედარებით უფრო ახალი წარმოქმნილი უნდა იყოს და, არაა გამორიცხული, მასში თავმოყრილი ფრაგმენტებიც იქიდან ჩამოცვენილიყო.
"შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ შარპის მთის გვიანდელი არსებობისას, ხანგრძლივი მშრალი პერიოდის შემდეგ, წყალი დაბრუნდა, თანაც დიდი ოდენობით", — წერია NASA-ს ბლოგპოსტში.
კომენტარები