ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უკვე გაზაფხულდა, რის გამოც ბუნებაც გადასხვაფერდა. ეს ყველაფერი საკმაოდ ლამაზ სანახაობას ქმნის, მაგრამ როგორ ჩანს სეზონების ცვლილება კოსმოსიდან?
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციამ (NOAA) ახლახან სწორედ ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. გასაოცარი კადრები ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრმა GOES-East გადაიღო.
ეს სატელიტი ხმელეთიდან 35 000 კილომეტრის მოშორებით, ეკვატორის გასწვრივ, გადაადგილდება. ასეთი მდებარეობის გამო მისი მოძრაობის სიჩქარე დედამიწის ბრუნვის ტემპს ემთხვევა, ამიტომ აპარატისთვის ყოველთვის ერთი და იგივე რეგიონია ხილული. მათ შორისაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უდიდესი ნაწილი, კარიბები და ატლანტის ოკეანე.
ასევე, GOES-East-ის ხედვის არეალში დედამიწაზე დღისა და ღამის გამყოფი ხაზიც ხვდება, რომელსაც ტერმინატორს უწოდებენ. ის წლის განმავლობაში მუდმივად ადგილს იცვლის, რაც იმითაა განპირობებული, რომ ჩვენი მშობლიური ციური სხეული 23.5 გრადუსითაა დახრილი. ეს კი დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.
სწორედ მსგავსი ცვლილებებია აღბეჭდილი ახალ ვიდეოში, რომელშიც დედამიწური 365 დღე კოსმოსიდანაა ნაჩვენები. 1 წლის განმავლობაში თანამგზავრი სურათს ყოველი დღის 15:50 საათზე იღებდა.
პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის სეზონი 19 მარტს დაიწყო. ეს აშშ-ისთვის ბოლო 128 წლის განმავლობაში ყველაზე ადრეული გაზაფხულია. ამ დღეს მზე პირდაპირ დედამიწის ეკვატორის თავზე ანათებს, რაც ბუნიობის, ანუ დღეღამტოლობის, სახელითაა ცნობილი.
ახლა დღის სინათლე ნელ-ნელა უფრო დიდხანს იქნება ხილული და მეტად დათბება, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენ იწყებს გადახრას. ამის პარალელურად, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება.
კომენტარები