ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
იმისათვის, რომ ჰუმანოიდი რობოტები ადამიანებს მაქსიმალურად მივამსგავსოთ, მათ ჩვენი სახის რეალისტური გამომეტყველებების გამეორებაც უნდა შეეძლოთ. ასეთ რობოტებს ხშირად დაგვიანებული რეაქციები აქვთ, ანუ მიმიკებს დროულად ვერ იცვლიან. კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კი ისეთი მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც ეს შეუძლია.
ახალი რობოტი Emo-ს სახელითაა ცნობილი და ჯერჯერობით მხოლოდ ანთროპომორფული თავია ტანის გარეშე. ის ადამიანის ღიმილს დაახლოებით 839 მილიწამით ადრე პროგნოზირებს, რაც საშუალებას აძლევს, თვითონაც ზუსტად იმ დროს გაიღიმოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორც წესი, რობოტებში სახის გამომეტყველებები წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრულია, მაგრამ ეს მათ სხვადასხვა ემოციის დინამიკურ გამოხატვას უშლის ხელს. ამის გამოსასწორებლად რთული პროგრამული და ტექნიკური მეთოდების ინტეგრირებაა საჭირო.
"გამოწვევა ორგვარია: პირველ რიგში, ეს რობოტული სახის მრავალმხრივი ექსპრესიულობის მიღწევასთან დაკავშირებული მექანიკური სირთულეებია. მეორე კი იმის განსაზღვრაა, როგორი გამომეტყველება უნდა მიიღოს რობოტმა, რათა ბუნებრივი, დროული და რეალურის მსგავსი იყოს", — აცხადებენ ავტორები.
მათი პირველი მოდელი Eva იყო, რომელიც მიმიკებს საკმაოდ კარგად იცვლიდა, მაგრამ მეცნიერებს სურდათ, რომ მას არა მხოლოდ თავისი, არამედ ადამიანის გამომეტყველებაც ეკონტროლებინა. სწორედ ამიტომ შექმნეს Emo, რომელშიც 26 ამძრავი გვხვდება. სახის სხვადასხვა ნაწილს ის მაგნიტების მეშვეობით ამოძრავებს, რაც სიზუსტეს განაპირობებს.
მის თვალებში მაღალი გარჩევადობის კამერებია ჩამონტაჟებული, რაც მოსაუბრეზე დაკვირვებაში ეხმარება, რათა გამომეტყველების პროგნოზირება შეძლოს. ამისთვის ის ორმაგ ხელოვნურ ნეირონულ ქსელს იყენებს. ერთი თავად რობოტის მიმიკას აკონტროლებს, მეორე კი ადამიანზეა კონცენტრირებული. 5-ჯერ სწრაფ რეაქციას გაუმჯობესებული ინვერსიული მოდელი უზრუნველყოფს.
შედეგად, Emo ადამიანის გამომეტყველებასთან ერთგვარად სინქრონიზდება და ამას რეალურ დროში ახერხებს. სპეციალისტებმა ამის დემონსტრირება შეძლეს, რამაც აჩვენა, რომ მიმიკის წინასწარ ამოცნობა რობოტს იმავეს გასამეორებლად მექანიკური პროცესებისთვის საკმარის დროს აძლევს.
ავტორების თქმით, ამ რობოტის გამოყენება კულტურათაშორისი ურთიერთობებისთვისაა შესაძლებელი, რისთვისაც სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში მისი ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნდა.
კომენტარები