აჩქარებს თუ არა ორსულობა დაბერების პროცესს? — კვლევა
იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, ორსულობა დაბერების პროცესს აჩქარებს. ამის მიუხედავად, დაადგინეს ისიც, რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ეს ეფექტი საგრძნობლად შექცევადი ხდება, ანუ ორგანიზმის ისევ "ახალგაზრდავდება".
სპეციალისტებმა ორსული ქალების ჯგუფი შეისწავლეს, რისი საშუალებითაც ფეხმძიმობის სხვადასხვა ეტაპის შესახებ ეპიგენეტიკური მონაცემები მოიპოვეს და ბიოლოგიური დაბერების ინდიკატორები გაანალიზეს. სწორედ ამის შედეგად გამოიტანეს დასკვნები.
შედეგები ასეთია: ადრეულიდან გვიანდელ ორსულობამდე, რაც 20 კვირამდე პერიოდს მოიცავს, ბიოლოგიური, იგივე ეპიგენეტიკური, ასაკი დაახლოებით 2 წლით იმატებს. ეს ნიშნავს, რომ ფეხმძიმობა დაბერებას მართლაც აჩქარებს, მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. როცა ავტორებმა ქალების იგივე ჯგუფი მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ ისევ გამოიკვლიეს, მოულოდნელი რამ დააფიქსირეს.
"ჩვენ ბიოლოგიური ასაკის გასაოცარი შემცირება შევნიშნეთ, რაც ზოგი ინდივიდის შემთხვევაში 8 წელსაც კი უდრიდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ბიოლოგიურ ასაკს ნამდვილად ზრდის, მკაფიოდ ჩანს, რომ მშობიარობის შემდგომ მდგომარეობა უმჯობესდება", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ დაადგინეს ისიც, რომ დაორსულებამდე ქალის სხეულის მასის მაღალი ინდექსი ზემოხსენებულ შექცევად პროცესზე უარყოფითად ზემოქმედებს და მას ხელს უშლის. კერძოდ, ამის შედეგად ბავშვის გაჩენის შემდეგ მაინც მომატებული ბიოლოგიური ასაკი ნარჩუნდება.
საინტერესოა ისიც, რომ ჩვილის ძუძუთი კვება მშობიარობიდან სამ თვეში უფრო სწრაფ "გაახალგაზრდავებას" განაპირობებს. და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, რამდენად აისახება ეს ყველაფერი ქალის ჯანმრთელობაზე ხანმოკლე ან ხანგრძლივ პერსპექტივაში, ძლიერდება თუ არა ზემოხსენებული ეფექტი რამდენიმე ორსულობის შემდეგ და ხომ არ გვაქვს საქმე ნამდვილ გაახალგაზრდავებასთან.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cell Metabolism გამოქვეყნდა.
კომენტარები