როცა "დემონურ" სახეებს ხედავ — უჩვეულო მხედველობითი დარღვევა
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანთა სახეებს დამახინჯებულად და გაწელილად ხედავდეთ. სწორედ ამ უჩვეულო მდგომარეობასთან უწევთ გამკლავება პროზოპომეტამორფოზიის (PMO) მქონე ინდივიდებს. ესაა მხედველობითი დარღვევა, რომლის სახელწოდებაშიც "პროზოპო" ბერძნულად სახეს ნიშნავს, ხოლო "მეტამორფოზია" აღქმით დეფორმაციებს შეესაბამება.
PMO-ს სიმპტომები ყველა ადამიანში ერთნაირად არ გამოიხატება და ცვალებადია. მაგალითად, ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სახის ფორმას, ზომას, ფერს ან ნაკვთების განლაგებას. ასევე, განსხვავებულია მსგავსი მდგომარეობის ხანგრძლივობაც, რადგან ზოგჯერ ეს რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, ზოგჯერ კი — წლობით.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ პროზოპომეტამორფოზიის მქონე პაციენტი შეისწავლეს. მათ პირველებმა შექმნეს ზუსტი ფოტორეალისტური ვიზუალიზაციები, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ ხედავს ეს ადამიანი სახეებს.
პაციენტი 58 წლის კაცია, რომელიც სახეებს ეკრანსა თუ ფურცელზე ჩვეულებრივ ხედავს, მაგრამ პირისპირ შეხვედრისას — დამახინჯებულად, შეიძლება ითქვას "დემონურადაც". მსგავსი რამ იშვიათია, რადგან, როგორც წესი, PMO-ს დიაგნოზით მცხოვრები ინდივიდები ნებისმიერ სახეს დეფორმირებულად აღიქვამენ.
ამან სპეციალისტებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა, რომ სახეებისთვის ამ პაციენტის თვალით შეეხედათ. სხვა შემთხვევებში ეს ვერ მოხერხდებოდა, რადგან PMO-ს მქონე ადამიანების უმრავლესობა ეკრანზეც ფორმაშეცვლილ სახეებს ხედავს. შესაბამისად, ვერ დადგინდება, რამდენად ასახავს ვიზუალიზაცია მათი თვალით ნანახს.
ავტორებმა კაცს კონკრეტული სახე ჯერ კომპიუტერის ეკრანზე აჩვენეს, შემდეგ კი რეალურად და მისგან მოისმინეს, რა განსხვავება იყო ამ ორს შორის. პარალელურად, ისინი აღწერის მიხედვით ციფრულ გამოსახულებას ცვლიდნენ, სანამ ის აღქმულ დამახინჯებულ სახეს არ მიამსგავსეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად პროზოპომეტამორფოზია სხვა აშლილობებში ერევათ. მაგალითად პაციენტს შიზოფრენიის დიაგნოზს უსვამენ და შესაბამის პრეპარატებს უნიშნავენ, როცა რეალური პრობლემა მათ მხედველობით სისტემაშია. ამის გამო შიშია თავად ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებშიც, რომლებიც ახლობლებს ვერ ანდობენ, რა აწუხებთ.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი კვლევით საზოგადოებაში PMO-ს მიმართ ცნობიერებას აამაღლებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.
კომენტარები