შესაძლოა, ვარსკვლავის სიკვდილის პროცესი მილიარდობით წლით შეჩერდეს — კვლევა
სანამ ვარსკვლავი საბოლოოდ ჩაქრება, მისგან მკვრივი ბირთვი რჩება, რომელსაც თეთრი ჯუჯა ეწოდება. მათი სიკვდილი გაცივებას მოიაზრებს, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ეს პროცესი ჩვეულებრივზე ნელა მიმდინარეობდეს.
თუ ასეა, ესე იგი ვარსკვლავთა ამგვარ ნარჩენებში ენერგია მაინც წარმოიქმნება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ თეთრი ჯუჯების ნაწილი იმაზე ბევრად ხნიერი იყოს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. ტელესკოპ Gaia-ს მონაცემებში სწორედ ასეთი ობიექტების პოპულაცია გამოავლინეს, რომლებშიც შესაძლოა, გაცივება რამდენიმე მილიარდი წლით შეჩერებულიყო.
მეცნიერებმა ამის სავარაუდო მექანიზმი დაადგინეს.
როდესაც ვარსკვლავი სიკვდილს უახლოვდება, მასში იწურება წყალბადის მარაგი, რომელიც ბირთვულ რეაქციებს უწყობს ხელს. შედეგად, მნათობი წითელ გიგანტად იქცევა, ანუ მისი გარე შრეები ფართოვდება. შემდეგ ეს მატერია სივრცეში იფანტება და მხოლოდ ბირთვი რჩება — თეთრი ჯუჯა.
მიიჩნევა, რომ თეთრი ჯუჯების შუაგულში არსებული მატერია იყინება და მყარდება, რადგან იქ სითბო აღარ წარმოიქმნება. შესაბამისად, მათი გაცივება შიგნიდან გარე მიმართულებით მილიარდობით წლის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს. ახალი ნაშრომის ავტორები კი ფიქრობენ, რომ ამ ობიექტებში პლაზმა ასე არ იყინება.
მათი აზრით, გაცივებისას მყარი კრისტალები ფორმირდება, რომლებსაც უფრო მკვრივ სითხეში გადაადგილება შეუძლია. მათი მაღლა გადანაცვლებით, სითხეები ქვემოთ ჩადის და შედარებით მძიმე ელემენტებიც იქ გადააქვს. ეს გრავიტაციული ენერგიის გამოყოფას იწვევს, რომელიც შესაძლოა, სითბოდ იქცეს და გაცივების პროცესი შეაჩეროს.
ავტორები ამბობენ, რომ მსგავსი მექანიზმი თეთრი ჯუჯების ზემოხსენებული პოპულაციის მახასიათებლებს შეესაბამება. მათი ამგვარი გამორჩეულობა, სავარაუდოდ, განსხვავებული შედგენილობითაა განპირობებული, რის უკანაც, დიდი ალბათობით, ვარსკვლავების შერწყმია დგას.
ახალმა მიგნებამ შესაძლოა, თეთრი ჯუჯებისა და, ზოგადად, ვარსკვლავების, ასაკის დადგენის კრიტერიუმები შეცვალოს, რადგან არაა გამორიცხული, მათ მილიარდობით წლით განმავლობაში ჩვეულებრივი მნათობების მსგავსი სიკაშკაშე ჰქონდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები