ყოველი 12 ვარსკვლავიდან 1-ს შესაძლოა, პლანეტა ჰქონდეს შთანთქმული
ახალი კვლევის მიხედვით, ყოველი 12 ვარსკვლავიდან დაახლოებით 1-ს შესაძლოა, საკუთარი პლანეტა ჰქონდეს შთანთქმული.
აქამდე ვიცოდით, რომ ზოგიერთ შორეულ მნათობში ისეთი ელემენტების მოულოდნელად მაღალი კონცენტრაციაა, რომლებიც დედამიწის მსგავსი პლანეტების შედგენილობაშია (მაგალითად, რკინა). ეს და სხვა მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვარსკვლავები ზოგჯერ მათ გარშემო არსებული ციური სხეულების მთლიან მატერიას იზიდავდეს.
იმის გასაგებად, თუ რამდენად ხშირად ხდება ეს, მეცნიერებმა ერთსა და იმავე რეგიონში ერთდროულად წარმოქმნილი ვარსკვლავების წყვილების შესწავლა გადაწყვიტეს. ასეთ ობიექტებს მსგავსი შედგენილობა უნდა ჰქონდეს, რადგან ორივე მათგანი მტვრისა და აირის საერთო ღრუბელში გაჩნდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ქიმიური სხვაობები პლანეტის შთანთქმაზე მიუთითებდეს.
ამის გასარკვევად სპეციალისტებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპ Gaia-ს მონაცემებში ვარსკვლავთა 91 წყვილი შეარჩიეს. თითოეულ მათგანში ობიექტებს შორის საკმაოდ მცირე მანძილია, 1 მილიონ ასტრონომიულ ერთეულზე ნაკლები, ანუ სავარაუდოა, რომ მათი ფორმირება თანადროული იყო.
როდესაც სხვადასხვა ელემენტის მოლეკულები ცხელდება, ისინი უნიკალური სპექტრის სინათლეს გამოყოფს, ამ გზით მნათობების შედგენილობის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რისთვისაც ძალიან დიდი ტელესკოპი, ასევე მაგელანისა და კეკის ტელესკოპები გამოიყენეს.
შედეგად დადგინდა, რომ ამ წყვილების დაახლოებით 8%-ში, ანუ 12-დან დაახლოებით 1-ში, ერთ ვარსკვლავს უჩვეულო და მეორისგან განსხვავებული შედგენილობა ჰქონდა — სავარაუდოდ, პლანეტის შთანთქმის შედეგად.
"ასეთი სიხშირე ნამდვილი მოულოდნელობაა. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენის მსგავსი სტაბილური სისტემები შესაძლოა, ნორმა არ იყოს. ეს სამყაროში ჩვენს ადგილზე უფრო სიღრმისეულ წარმოდგენას გვიქმნის", — აცხადებენ ავტორები.
უნდა ითქვას, რომ როცა რამდენიმე მილიარდ წელში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და მისი ატმოსფეროს გარე შრე გაფართოვდება, ეს პლაზმა შიდა პლანეტებს გაანადგურებს. ამის მიუხედავად, ახალ კვლევაში განხილული ვარსკვლავები ჯერ ასეთი ხნიერი არაა, ანუ თითოეულმა მათგანმა პლანეტები განვითარების შედარებით ადრეულ ეტაპზე გაანადგურა.
ეს სისტემების არასტაბილურობის ნიშანია, რაც ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში არ შეინიშნება. შესაძლებელია ისიც, რომ უცხო ელემენტები მნათობებში სისტემების გაჩენის ადგილას არსებული პლანეტური "საშენი მასალის" მითვისებისას მოხვედრილიყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები