იაპონიაში ფერმერები ძროხებს ზებრას მსგავს ზოლებს ახატავენ — აი, რატომ
იაპონიის იამაგატის პრეფექტურაში ფერმერები ძროხებს ისეთსავე ზოლებს ახატავენ, როგორიც ზებრებს აქვთ. ამ გზით ისინი ცდილობენ, ცხოველები სისხლისმწოველი მწერებისგან და ბუზებისგან დაიცვან.
როგორც ცნობილია, ამ უჩვეულო მეთოდმა შედეგი უკვე გამოიღო. კერძოდ, მოხატულ ძროხებს სტრესის ნიშნები ნაკლებად აქვთ, ვიდრე მათ, ვის ტანზეც ზოლები არ დაუტანიათ.
ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იაპონურ შავ ძროხებზე ტარდება, რომლებიც ამ ქვეყანაში არსებულ ე.წ. ვაგიუს 4 ჯიშიდან ერთ-ერთს მიეკუთვნებიან. მათ მაწუხელა მწერები მოსვენებას არ აძლევენ, რის გამოც ცხოველებს სტრესის მაღალი დონე აღენიშნებათ. ეს მათ რეპროდუქციულ მაჩვენებელზეც უარყოფითად აისახება, ამიტომ ფერმერები ნახირს სამეურნეო მიწებზეც კი აღარ უშვებდნენ.
სპეციალური საღებავით ან მსუბუქი გამაღიავებლით ზოლების მიხატვა ამ მხრივ მარტივი და ეფექტიანი გამოსავალი აღმოჩნდა, რომელმაც გაამართლა. ამ მეთოდს იამაგატაში უკვე სამ წელზე მეტია, სულ უფრო მეტი ფერმერი იყენებს. ისინი ზემოხსენებულ ხერხს სხვებსაც უზიარებენ, რადგან ეს ცხოველთა სტრესის შემცირების საკმაოდ იაფი გზაა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ჩვეულებრივი ძროხები მწერების დასაფრთხობად კუდს, თავსა და ჩლიქებს წუთში დაახლოებით 16-ჯერ იქნევდნენ, მოხატულ ინდივიდებში იმავე დროით ინტერვალში ეს მხოლოდ 5-ჯერ ხდებოდა.
საინტერესოა, რატომ აფრთხობს ზოლები მწერებს?
ადგილობრივ სპეციალისტებს ამ მეთოდის მუშაობის მექანიზმი არ აუხსნიათ. ამის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ზოლები მწერებს ხელს უშლის, ცხოველთა მოძრაობა დააფიქსირონ და კონკრეტულ პოზიციაში მყოფ მათ სხეულამდე დროულად მიაღწიონ.
არსებობს მოსაზრება, რომ ზებრებს ზოლები სწორედ ამ დამცველობითი ფუნქციის გამო ჩამოუყალიბდათ და რომ სხეულის ეს მახასიათებელი მწერებისთვის ოპტიკურ ილუზიას ქმნის.
ასეა თუ ისე, აღნიშნული ხერხი შედეგიანია. ის ინსექტიციდებზე, ანუ მწერების საწინააღმდეგო საშუალებებზე, უფრო გამოსადეგია, რადგან ამგვარი ნივთიერებების მიმართ მწერები დროთა განმავლობაში რეზისტენტობას იძენენ.
კომენტარები