ნანა ჯორჯაძის მორიგი შედევრი ქართველი ხელოვანების მძიმე ხვედრზე
სათაურში "შედევრის" ხსენებით დაწყებულ თამამ, 5-ვარსკვლავიან შეფასებას გავაგრძელებ — ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართული ფილმი, რომელიც მინახავს.
"რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას. [...] მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება", — ქართველმა მწერალმა თემო რეხვიაშვილმა ეს სიტყვები 2022 წლის პრემია საბას დაჯილდოებაზე, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ თქვა.
2012 წლიდან 2022 წლამდე საქართველო 245 ათასამდე ადამიანმა დატოვა. NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანიც ფიქრობს. თემოს მსგავსად, ბოლო წლებში არაერთი ქართველი მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი თუ ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენელი წავიდა ემიგრაციაში.
ვიწრო პერსპექტივით, სწორედ ქართველი ხელოვანების მძიმე ხვედრზე, უფრო ზოგადად კი, ემიგრაციის მზარდი ტენდენციის პრობლემაზე გვიყვება ნანა ჯორჯაძის უახლესი ნამუშევარი პეპლების იძულებითი მიგრაცია. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ფილმი გასული წლის ბოლოს იხილა მაყურებელმა.
ფილმის შესახებ
ნანა ჯორჯაძე განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. ქართველი კინორეჟისორის შემოქმედება ყველა თაობაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. როგორც ამბობენ, მისი ხელწერა არ იცვლება, თუმცა, ყოველი მორიგი ფილმი წინამორბედისგან ძალიან განსხვავდება ხოლმე.
პეპლების იძულებითი მიგრაციის გადაღება ჯორჯაძემ რთულ პერიოდში, კოვიდპანდემიის დროს, 2020 წლის სექტემბერში დაიწყო. კინოსურათში სიუჟეტი ერთი წლის განმავლობაში ვითარდება, ამდენად, გადაღებებიც, დაახლოებით, ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმის პრემიერა, თავდაპირველად, 2021 წელს იგეგმებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ქართველმა მაყურებელმა ნამუშევარი 2023 წლის ნოემბერში, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილა. ღონისძიება სწორედ პეპლების იძულებითი მიგრაციით გაიხსნა, რეჟისორმა კი ფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთეც, დაიმსახურა.
როგორც გითხარით, ფილმში მოქმედება ოთხი სეზონის განმავლობაში ვითარდება. ჩვენ მივყვებით ხელოვანების ერთ პატარა სამეგობროს, რომელიც, რთულ მატერიალურ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, იმედს არ კარგავს. ერთ დღესაც მათ ამერიკელი კოლექციონერი სტუმრობს, ნახატებთან ერთად კი, სამეგობროს ერთ-ერთი წევრით ინტერესდება. სწორედ ამის შემდეგ უჩნდება ყველას უნებლიე, წინააღმდეგობრივი სურვილი: საბოლოოდ დააღწიონ თავი გაჭირვებას და ბედს საზღვარგარეთ ეძიონ.
თავის მხრივ, პეპლების იძულებით მიგრაციაზეც ხელოვანების შესანიშნავმა გუნდმა იმუშავა: მუსიკა დათო ევგენიძეს ეკუთვნის, მხატვარი კი გიორგი მასხარაშვილია, რომელმაც ფილმისთვის მთლიანი ინტერიერი შექმნა. კინოსურათში მონაწილეობენ მუსიკოსებიც, მათ შორის მევიოლინე გიორგი ცაგარელი. გამოცდილ მსახიობებთან ერთად კი, პეპლების იძულებითი მიგრაცია ახალ სახეებსაც გვაცნობს. ზოგისთვის ეს პირველი კინოგამოცდილებაც იყო — მაგალითად, მსახიობისა და მომღერლის, ანა ქურთუბაძისთვის.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ასევე ითამაშა მარი ჯანაშიამ, რომლისთვის ეს უკანასკნელი კინოროლი აღმოჩნდა. ამასთან, მცირე როლით, "კამეოთი" ჩნდება თავად ნანა ჯორჯაძეც.
ქართველი რეჟისორის უნიკალური ხედვა მის ყველა ნამუშევარს ემჩნევა, მაგრამ ჯორჯაძეს გამოარჩევს მიდგომაც, რომელსაც ამ ფილმში მონაწილე მსახიობები უსვამენ ხაზს: მათ მთლიანი სცენარი წაკითხული არ აქვთ, ცალკეული სცენების შინაარსსა და პერსონაჟების ხასიათზე უშუალოდ რეჟისორისგან იგებენ გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს კი მათ იმპროვიზაციის, გმირის შექმნაში საკუთარი შტრიხების შეტანის საშუალებასაც აძლევს.
გადაღებების დასრულების შემდეგ კი, როგორც გითხარით, ფილმს კიდევ დიდი დრო დასჭირდა მაყურებლამდე მისასვლელად. როგორც ცნობილია, პოსტ-ფროდაქშენის ეტაპი ფინანსური მდგომარეობის გამო გაიწელა. ესეც ნიშანდობლივია: ქართველი ხელოვანების მდგომარეობაზე ფილმის გადასაღებად ქართველ ხელოვანებს სახსრები არ ჰყოფნით და სპონსორების უცხოეთში ძიება უწევთ. ეს ვითარება, ვფიქრობ, კინოცენტრში მიმდინარე "რეორგანიზაციის", უფრო ზუსტად კი კინოწარმოებაზე ხელისუფლების კონტროლის მოპოვების მცდელობის პირობებში კიდევ უფრო გამწვავებულია.
სიმბოლიზმით გაცოცხლებული მძიმე რეალობა
პეპლების იძულებითი მიგრაცია სავსეა სიმბოლოებით, მათ შორის უმთავრესი კი სათაურშივე ჩანს: როცა კოლექციონერი სამეგობროს ბინაში ეწვევა და მხატვარი კოსტა (რატი ერაძე) სწორედ პეპლების გადაფრენის ტილოზე ეტყვის, ამის გარდა ყველაფერი იყიდებაო, მაშინვე ხვდები, რომ პეპლები, რეალურად, ხელოვანების და მათი ყოფის მეტაფორაა.
"პეპლების მიგრაციაა, ჯერ არ იციან, საით მიდიან. ელოდებიან, საიდან დაუბერავს ქარი. მოლოდინია: ელოდებიან, გადარჩებიან თუ ვერა", — ასე უხსნის კოსტა კოლექციონერს თავის ნამუშევარს და შენც ზუსტად ხვდები, რას ნიშნავს მოლოდინი გაურკვეველი მომავლისა.
პეპლები რომ იძულებით მიგრაციას ვერ უძლებენ, ამას ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის გარდა, თავად რეჟისორიც ხაზგასმით ამბობს: ძალიან იშვიათი პეპლების ქვეყანა ვართ და მოფრთხილება გვჭირდებაო.
თუმცა, კინოსურათში ხელოვანებს არავინ უფრთხილდება. მათი მძიმე ყოველდღიურობის ფონზე, მაყურებელი ალაგ-ალაგ რეტროსპექტივური ჩანართებით ადევნებს თვალს ქვეყნის უახლესი წარსულის კადრებს: საბჭოეთს, სამოქალაქო ომს, აფხაზეთის ომს — იმ ყველაფერს, რამაც ინდივიდუალური და კოლექტიური დაღი დაასვა საქართველოს თანამედროვეობას. სამეგობროს ერთ-ერთი წევრიც ხომ აფხაზეთის ომშია დაღუპული, მაგრამ პერსონაჟები დღევანდელობაში გადარჩენით იმდენად არიან დაკავებულები, რომ წარსულზე სენტიმენტების დრო არ რჩებათ; ხან მეზობლის ხაზიდან უწევთ ელექტროენერგიის გადმოყვანა და ხანაც — კაბის მოპარვა იმ სახლიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობენ.
ასეთი სურათების შემდეგ, უთუოდ იფიქრებ, რომ ფილმიც მძიმე საყურებელია, მაგრამ სულაც არაა ასე. პეპლების იძულებითი მიგრაცია კომიკურ სცენებსაც მოიცავს, დიდწილად თამრი ბზიავას პერსონაჟის, ლორას, დამსახურებით.
მეგობრის "კარგ ბედში" ჩავარდნის შემდეგ, ლორასაც უჩნდება სურვილი, რომ გაჭირვებას და, მასთან ერთად, ქვეყანასაც დააღწიოს თავი. მეგობრები საგანგებო გეგმასაც იმუშავებენ, როგორ გაურიგონ ლორა კიდევ ერთ უცხოელ ხელოვანს, რომელიც, ბედის ირონიით, პეპლების კოლექციონერია. კიდევ ერთი სიმბოლო. ეს უკანასკნელი კი რეჟისორის მთავარ სათქმელს ახმოვანებს: როცა ის და ლორა თუშეთში პეპლების სანახავად ადიან, ქართველი ჟურნალისტს უცხადებს, საბოლოოდ, იტალიაში წავალთო. მაგრამ თავად იტალიელი ხელების სავსავით აწყვეტინებს, ეს უიშვიათესი, უნიკალური პეპლებია, რომლებიც აქ უნდა გადავარჩინოთო.
თუმცა, ლორას ვერანაირად გავამტყუნებთ. ის კი არა, მძიმე რეალობა ფილმში მთავარ წყვილს — მხატვარ კოსტასა და მოცეკვავე ნინას (თაკო ტაბატაძე) — დილემის წინაშე აყენებს. ამერიკელი კოლექციონერი ნინას ცოლობას სთხოვს, კოსტა კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ტკივილნარევი მზერით, მაგრამ უსიტყვოდ ელევა საყვარელ ადამიანს.
"წადი, ჩვენ აქ არავის არ ვჭირდებით", — ეუბნება მხატვარი ნინას, რომელსაც ძალიან უძნელდება, კოსტას და მეგობრებს მოსწყდეს.
არც ის არ მგონია შემთხვევითობა, რომ ფილმის ერთ-ერთ "მხიარულ" სცენაში შეუფერებლად სევდიანი ქართული სიმღერა, ციცინათელა, ჟღერს. "ჩემი იყო, ის მინდა, შენ კი სხვისკენ გარბიხარ" — ეს ფრაზა ზუსტად ესადაგება მსოფლიოში გაფანტულ, "შორით ნათებით" დამწვარ-დანელებულ ადამიანებს.
აი, დასასრული კი ნამდვილად ნანა ჯორჯაძისეულია — მელანქოლიური, მაგრამ მაინც ისეთი, გულში სითბო და იმედი რომ ჩაგეღვრება. ეს ფილმიც ხომ იმედზეა, რომელიც დაუსრულებელ განშორებებსა და მოლოდინებს შორის გამოსჭვივის ხოლმე.
კომენტარები