გაიცანით პოლ ალექსანდერი — ადამიანი, რომელიც 72 წლის განმავლობაში "რკინის ფილტვებით" სუნთქავდა
პოლ ალექსანდერი, იგივე "ადამიანი რკინის ფილტვებით", 12 მარტს, 78 ასაკში მოკვდა. პოლმა 72 წელი ფაქტობირვად სპეციალურ რკინის კაფსულში გაატარა და ის ამით გინესის რეკორდსმენიც გახდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც რკინის ფილტვის დახმარებით ყველაზე დიდხანს იცოცხლა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პოლმა ცხოვრებაში ბევრი რამ მოასწრო. მან დაამთავრა უნივერსიტეტი, იმუშავა იურისტად და დაწერა წიგნიც კი.
და, ეს მიუხედავად იმისა, რომ პოლმა სიცოცხლის 70 წელი ზურგზე დაწოლილმა გაატარა. მას თავი გარეთ ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ დანარჩენი სხეულით ლითონის ცილინდრში იყო მოთავსებული.
"უამრავ წერილს ვიღებთ. მისით ძალიან ბევრი ადამიანი იყო შთაგონებული. მას აფასებდნენ და ამისთვის მადლობელი ვარ", — თქვა ფილიპ ალექსანდერმა, პოლის ძმამ.
პოლის სიკვდილის ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. ის საავადმყოფოში სამი კვირის წინ გადაიყვანეს და ეს Covid-19-ის გამო. მიუხედავად ამისა, ამ კვირაში ტესტმა აჩვენა, რომ პოლს ინფექცია აღარ ჰქონდა.
"პოლ, ყველას მოგენატრები და ყოველთვის გვემახსოვრები. გმადლობთ, რომ გაგვიზიარე შენი ამბავი", — თქვა კრისტოფერ ულმერმა, GoFundMe ფონდის ორგანიზატორმა.
GoFundMe ფონდია, რომელიც ულმერმა პოლის სამედიცინო ხარჯების დასაფარად შექმნა. მთლიანობაში, ამ ფონდმა 143 461 დოლარის შეგროვება შეძლო.
ისტორიის დასაწყისი
ალბათ, გაგიჩნდათ შეკითხვა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 1952 წელს პოლი 6 წლის იყო და სწორედ მაშინ განუვითარდა პოლიომიელიტი. ამ დროს პოლიომიელიტის ეპიდემია იყო. ამ წელს, მარტო აშშ-ში, პოლიომიელიტის 21 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.
იმ დროისთვის ეს დაავადება რთული სამართავი იყო. ექიმებმა პოლის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ბავშვის მეტალის კაფსულში მოთავსება გახდა საჭირო. ამ მოწყობილობის გარეშე პოლს სუნთქვა არ შეეძლო.
დღეს აშშ-ში პოლიომიელიტი აღმოფხვრილად ითვლება. ეს ყველაფერი ვაქცინაციის წყალობით, თუმცა მაშინ საქმე ბევრად რთულად იყო.
დაავადებამ პოლი კისრის ქვემოთ პარალიზებული დატოვა. ამასთან, მას არც დამოუკიდებლად სუნთქვა შეეძლო. როგორც პოლის ავტობიოგრაფიულ წიგნში უწერია, ის "რკინის ფილტვში" მოათავსეს, მეტალის დიდ ცილინდრში, რომელიც ჰაერის წნევას სუნთქვის გასააქტიურებლად ცვლის.
არ დანებდა
"ექიმებმა გვითხრეს, რომ პოლი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ელექტროენერგია გაითიშა და ფილტვების ხელით ამუშავება გვიწევდა", — ამბობდა პოლის დედა ავტობიოგრაფიულ წიგნში.
თუმცა, პოლმა ეს შეძლო და ამ პროგნოზის შემდეგ, კიდევ 72 წელი იცოცხლა. 2023 წლის მარტში ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა — ადამიანი, რომელმაც "რკინის ფილტვებით" ყველაზე დიდხანს იცოცხლა.
პოლი არ დანებდა და არც ამბიციები დაივიწყა. მან სუნთქვის ტექნიკა აითვისა, რაც "რკინის ფილტვების" რამდენიმე საათით დატოვების საშუალებასაც აძლევდა. შესაბამისად, პოლმა დაამთავრა უნივერსიტეტი, მოიპოვა სამართლის ხარისხი და 30 წელი თავისი პროფესიით მუშაობდა კიდევაც.
პოლი პოლიომიელიტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად მუშაობდა. ის აქტიურობდა სოციალურ ქსელებშიც. მაგალითად, Tik-Tok-ზე 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
რაც შეეხება ავტობიოგრაფიულ ნაშრომს, ის მასზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და ახლა წიგნს მთელ მსოფლიოში კითხულობენ.
როგორ მუშაობს რკინის ფილტვები
და მაინც, როგორ მუშაობს ე.წ. რკინის ფილტვები?
ამის გასაგებად ჯერ ზოგადად მექანიკური ვენტილატორები უნდა ვახსენოთ. მექანიკური ვენტილატორი სხეულს ჟანგბადის მიღების საშუალებას ისეთ დროსაც აძლევს, როდესაც ტარდება ოპერაცია ან ზოგადად, გართულებულია სუნთქვა. ასეთ შემთხვევებში პაციენტის ტრაქეა ვენტილატორს სპეციალური მილითაა დაკავშირებული.
არსებობს მექანიკური ვენტილატორების ორი ძირითადი კლასიფიკაცია: ერთი იყენებს დადებით და მეორე უარყოფით წნევას. ზოგადად, დადებითი წნევის მოწყობილობებს უფრო ხშირად იყენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უარყოფითი წნევის ტექნოლოგია გვაინტერესებს.
რკინის ფილტვები უარყოფითი წნევის ვენტილატორია და მას რესპირატორული დამბლით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იყენებენ. ეს მოწყობილობა ვაკუუმის გამოყენებით უარყოფით წნევას ქმნის, რაც პარალიზებულ კუნთებს ამუშავებს და ფილტვებს ჰაერის შესუნთქვაში ეხმარება.
იმ დროს, როდესაც პოლს ეს დაავადება დაემართა არსებობდა დიდი "რკინის ფილტვები" და მასში სხეულის (თავის გარდა) სრულად მოთავსება იყო საჭირო. ეტაპობრივად, გაჩნდა უფრო მცირე ზომის მსგავსი მოწყობილობები, თუმცა პოლი ბოლომდე ძველებურ ვერსიას იყენებდა.
ერთი სიტყვით, სწორედ წნევის ეს ცვალებადობა განაპირობებდა პოლისთვის სიცოცხლეს. ეს მის სხეულს ფუნქციონირების საშუალებას აძლევდა.
კომენტარები