ოკეანეების შესასწავლად რობოტი მედუზა შექმნეს
რობოტიკისა და ბიოლოგიური არსებების შესაძლებლობების გაერთიანებით, მეცნიერებმა ბიოჰიბრიდული რობოტი მედუზა შექმნეს. რობოტს მონაცემების ავტონომიურად შეგროვება და სწრაფად ცურვა შეუძლია.
ცნობისთვის, ოკეანეების მხოლოდ 5-პროცენტია შესწავლილი. ბუნებრივია, მეცნიერებს მეტის გაგება სურთ და ამისთვის უკეთესი ხელსაწყოები სჭირდებათ.
"ცნობილია, რომ ოკეანეები კლიმატის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამის ფონზე, ჩვენ მათზე ძალიან ცოტა რამ ვიცით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სიღრმეებს ეხება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა", — თქვა ჯონ დაბირიმ, კვლევის თანაავტორმა.
95%-ის შესწავლა
მკვლევრებმა შეიმუშავეს რობოტი მედუზა, რომელიც ნამდვილ მედუზას კუნთებს ელექტროენერგიით აკონტროლებს.
ბიოჰიბრიდული რობოტი დიდ ავზში გამოცადეს და აღმოჩნდა, რომ ის სწრაფად ცურავს და ნივთების გადატანაც შეუძლია. რაც მნიშვნელოვანია, რობოტის დამზადება იაფი ჯდება, კარგად მუშაობს და შეუძლია იმოძრაოს იქ, სადაც რეალური მედუზები ცხოვრობენ.
დაბირიმ განმარტა, რომ რობოტი მედუზების მიერ შეგროვებული მონაცემები მოიცავდა ისეთ ცვლადებს, როგორიცაა ტემპერატურა, მარილიანობა და ჟანგბადის კონცენტრაცია — ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებასთანაა კორელაციაში.
"მედუზები ოკეანის მკვლევრები არიან, აღწევენ რა მის სიღრმეებში", — თქვა დაბირიმ.
კვლევამ აჩვენა, რომ რობოტ მედუზას უფრო სწრაფად ცურვასთან ერთად ნივთების გადატანაც უფრო თავისუფლად შეუძლია, ვიდრე ბიოლოგიურ მედუზას.
კვლევა ჟურნალ Bioinspiration & Biomimetics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები