როგორ განათდა კოსმოსი — ადრეული სამყაროს ევოლუცია
მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ მოიცვა სინათლემ ადრეული ბნელი სამყარო.
ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპების მონაცემების თანახმად, სამყაროს გარიჟრაჟზე თავისუფლად მოძრავი ფოტონების წარმოშობა ადრეულ ჯუჯა გალაქტიკებთანაა დაკავშირებული.
"ეს აღმოჩენა ულტრა პატარა გალაქტიკების როლზე უსვამს ხაზს. სწორედ ამ პროცესებმა იქონია დიდი როლი ადრეული სამყაროს ევოლუციაზე. ამით წარმოიქმნებოდა მაიონებელი ფოტონები, რომლებიც ნეიტრალურ წყალბადს იონიზებულ პლაზმად გარდაქმნის", — თქვა ასტროფიზიკოსმა ირინა ჩემერინსკამ.
სამყაროს დასაწყისში, დიდი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში, სივრცე იონიზებული პლაზმის ცხელი და მკვრივი ნისლით იყო სავსე. ამ დროს სამყაროში არ იყო საკმარისი სინათლე, რომელიც "ბურუსის" გაფანტვას შეძლებდა. შესაბამისად, სამყარო ბნელი იყო.
როდესაც სამყარო გაცივდა, დაახლოებით 300 000 წლის შემდეგ, პროტონები და ელექტრონები გაერთიანდნენ. შედეგად წარმოიქმნა ნეიტრალური წყალბადისა და ჰელიუმის გაზი. ამ გარემოში სინათლეს შეღწევა უკვე შეეძლო, მაგრამ ამჯერად პრობლემა წარმოებაში იყო. სამყაროში ბევრი ისეთი წყარო ნამდვილად არ იყო, რაც სინათლის წარმოქმნას შეძლებდა. თუმცა, მალე წყალბადისა და ჰელიუმისგან პირველი ვარსკვლავები დაიბადა.
პირველმა ვარსკვლავებმა გაავრცელეს რადიაცია, რომელიც საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ ელექტრონები ბირთვს მოშორებოდა. ამ მომენტისთვის სამყარო იმდენად გაფართოვდა, რომ გაზი დიფუზური იყო და ვერ აფერხებდა სინათლის გავრცელებას. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ, სამყარო მთლიანად რეიონიზირებული იყო. შუქი აინთო!
თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ასეთი სამყაროს დანახვა ძალიან რთულია. და აი აქ, საქმეში ჯეიმს ვების ტელესკოპი ჩაერთო. ვების კოსმოსური ტელესკოპი სწორედ ასეთ შორეულ წარსულში "ჩასახედად" არის შექმნილი. ტელესკოპის დაკვირვებები მეტყველებს იმაზე, რომ ჯუჯა გალაქტიკები რეიონიზაციის მთავარი განმსაზღვრელია.
მკვლევრების ჯგუფმა, ასტროფიზიკოს ჰაკიმ ატეკის ხელმძღვანელობით, ვებისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპების მონაცემები გააანალიზა. მათ გალაქტიკათა გროვა სახელად Abell 2744 შეისწავლეს. Abell 2744 იმდენად მკვრივია, რომ მის ირგვლივ სივრცე-დრო მრუდდება და ვიღებთ გრავიტაციული ლინზირების ეფექტს.
გრავიტაციული ლინზირება მაშინ იჩენს თავს, როცა წინა ფონზე მდებარე მასიური ობიექტი, როგორიც, მაგალითად, გალაქტიკათა შეჯგუფება ან შავი ხვრელია, გარშემო დრო-სივრცეს ამრუდებს. ამან მკვლევრებს უძველესი ჯუჯა გალაქტიკების დანახვის საშუალება მისცა.
შემდეგ ვების ტელესკოპი უშუალოდ ჯუჯა გალაქტიკების შესასწავლად მიმართეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ჯუჯა გალაქტიკები იმაზე ბევრად უფრო კაშკაშაა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ასევე დადგინდა, რომ ჯუჯა გალაქტიკები დიდ გალაქტიკებს რაოდენობის მხრივ მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული მაიონებელი გამოსხივება ოთხჯერ მეტი იყო.
ეს კვლევა რეიონიზაციას ნათელს ყველაზე უკეთ ჰფენს.
"ჯეიმს ვების ტელესკოპთან ერთად ახალ და უცხო ტერიტორიაზე შევედით. ეს აჩენს ისეთ შეკითხვებს, რაც აქამდე არ გვქონდა. ჩვენ ადრეული სამყაროს ევოლუციის გაგებას სულ ახლა ვიწყებთ", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები