30 წლის ევროპული ხელოვნური თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა
21 თებერვალს, თბილისის დროით 21:15 საათზე, დედამიწის ატმოსფეროში, წყნარი ოკეანის თავზე, ევროპული ხელოვნური თანამგზავრი შემოვიდა და დაიწვა. ესაა European Remote Sensing 2 (ERS-2), რომელიც ორბიტაზე დაახლოებით 3 დეკადის წინ გაუშვეს.
ამ აპარატის ორბიტიდან გამოყვანის მისია თითქმის 13 წლის წინ დაიწყო. ახლა ექსპლუატაციიდან გამოსული ეს სატელიტი უკვე განადგურებულია. ჯერჯერობით უცნობია, გადაურჩა თუ არა მისი რომელიმე ნაწილი პლანეტის ატმოსფეროში დაწვას და ჩააღწია თუ არა ოკეანემდე. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ის ტოქსიკურ ან რადიოაქტიურ მატერიას არ შეიცავდა, ამიტომ საფრთხის შემცველი არც წყალში მოხვედრის შემთხვევაში იქნებოდა.
კოსმოსში გაშვებისას, როდესაც საწვავის ავზი სავსე იყო, ეს ხელოვნური თანამგზავრი 2 516 კილოგრამს იწონიდა. ატმოსფეროში შემოსვლისას მისი წონა 2 294 კილოგრამი უნდა ყოფილიყო, რადგან ამ დროისთვის იქ საწვავი უკვე აღარ გვხვდებოდა. უნდა ითქვას, რომ ეს შესაძლოა, დიდ წონად მოგვეჩვენოს, მაგრამ ატმოსფეროში მსგავსი სიმძიმის აპარატები ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ იწვება.
დეკადების წინ ERS-2 ჩვენს პლანეტაზე დასაკვირვებელ ყველაზე განვითარებულ ევროპულ სატელიტად მიიჩნეოდა. ის ხმელეთის, ყინულოვანი საფარისა და ოკეანეების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. ეს მონაცემები ბუნებრივი კატასტროფების შემდგომ მოვლენებზე დასაკვირვებლადაც მნიშვნელოვანია.
"ERS სატელიტებმა მოგვაწოდა ინფორმაციის მთელი ნაკადი, რომელმაც მსოფლიოს ჩვენებური ხედვა შეცვალა. მათი მეშვეობით ჩვენს პლანეტაზე მეტი გავიგეთ, მათ შორის ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობაზე, ოკეანეებში მიმდინარე პროცესებსა და გარემოზე კაცობრიობის გავლენაზე", — აცხადებენ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში.
უნდა ითქვას, რომ ERS-2-ის ატმოსფეროში შემოსვლა უსაფრთხო იყო, რადგან მისი ელექტრონული სისტემები წინასწარ გამორთეს.
კომენტარები