საქართველოს მოქალაქეები ევროპის კავშირის საბჭოს პეტიციით მიმართავენ და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. 14:15 საათის მონაცემებით, ხელმომწერთა რაოდენობა 2 ათასს აჭარბებს.

პეტიციაში, რომელიც სულ რამდენიმე საათის შექმნილია, წერია:

"საქართველოს მოქალაქეები დიდ იმედს ამყარებენ ევროპის საბჭოსადმი, რომელსაც 2016 წლის 10 ივნისს ლუქსემბურგში ჩანიშნული აქვს ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომა საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს. უფრო მეტიც, ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ამასთანავე, მატერიალური სარგებელის მომტანიც აღმოჩნდება.

ევროპის კომისიის შეფასებით, საქართველო სრულიად აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს".

პეტიციით საქართველოს მოქალაქეები მოუწოდებენ ადრესატებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ევროკომისიის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და "რუსული რბილი ძალის" ზეწოლა საქართველოს ევროპულ არჩევანზე. პეტიციაში ასევე არის მოწოდება გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიღებისა და არგადადების შესახებ.

დოკუმენტზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.