უკვე ცნობილია, რა რაოდენობის ნიმუშები ჩამოიტანა NASA-მ ასტეროიდ ბენუდან
უკვე ცნობილია, რა რაოდენობის ნიმუშების მოპოვება შეძლო NASA-მ მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე.
თავდაპირველად სპეციალისტებმა 70.3 გრამი გრუნტი აწონეს, რომელიც სათავსოს გარეთ იყო დაგროვებული. მას შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა კონტეინერი გახსნეს, იქ კი დამატებით 51.2 გრამი აღმოჩნდა. ეს ორზე მეტჯერ აღემატება იმ ოდენობას, რომლის შეგროვებასაც იმედოვნებდნენ.
კონტეინერში არსებული მასალის მთლიანად აწონა აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებს გარედან ხელთათმანებით უწევდათ მუშაობა და მხოლოდ წინასწარ დაშვებული ხელსაწყოების გამოყენება შეეძლოთ. მათი მეშვეობით კი TAGSAM-ის სახელით ცნობილი მექანიზმის 35 მომჭერიდან 2 ვერ გაიხსნა, ამიტომ სხვა ინსტრუმენტების დამზადება გახდა საჭირო. ისინი მტკიცე, უჟანგავი და არამაგნიტური ქირურგიული ფოლადისგან უნდა გაეკეთებინათ.
ამის გამო კაფსულის გახსნის სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დროებით შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში დამზადდა და გამოიცადა ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც, საბოლოოდ, 11 იანვარს, სათავსოს ხუფი მოხსნეს.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ ასტეროიდ ბენუზე გაშვებულმა აპარატმა საერთო ჯამში 121.6 გრამი გრუნტი მოიპოვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თანაც, აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსთვის პირველი ასეთი მისია იყო.
მეცნიერები ნიმუშების სასურველ მინიმალურ რაოდენობად 60 გრამს მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ ზღვარს საგრძნობლად გადააჭარბეს. შედარებისთვის, იაპონიის მისია Hayabusa2-ის დროს, 2020 წელს, ასტეროიდ რიუგუდან დედამიწაზე მხოლოდ 5 გრამი მატერია ჩამოიტანეს.
რაც შეეხება ბენუს ნიმუშებს, მეცნიერებმა მათი შესწავლა უკვე დაიწყეს. ამან შესაძლოა, მზის სისტემის წარსულზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს, რადგან ბენუ სწორედ ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ფორმირების დროინდელია.
როგორც ცნობილია, მთლიანი მასალის დაახლოებით მეოთხედი გამოსაკვლევად NASA-ს გუნდს დარჩება, დანარჩენს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კოლეგებს გაუზიარებენ.
კომენტარები