ბალტიის ზღვაში 10 000 წლის სამონადირეო მეგასტრუქტურა აღმოაჩინეს
ბალტიის ზღვის სანაპიროს მიმდებარედ არქეოლოგებმა წყალში ჩაძირული მეგასტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინაა აშენებული. მისი სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია და ის, სავარაუდოდ, ქვის ხანის ადამიანებმა ააგეს, რომელთაც მისი დახმარებით ირმების მონადირება სურდათ.
თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ზემოხსენებული ნანგრევები მთელ მსოფლიოში ადამიანთა მიერ შექმნილი უძველესი სამონადირეო სტრუქტურა და ევროპის მასშტაბით ქვის ხანის უდიდესი ნაგებობაა.
მას ბლინკერვოლი ეწოდება, რომელსაც გერმანიაში მომუშავე სპეციალისტებმა ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მეკლენბურგის ყურეში, მიაგნეს. ამისთვის მათ გემები და წყალქვეშა დრონები გამოიყენეს, რომელთა დახმარებითაც სტრუქტურის ფორმისა და ზომის შესახებ მონაცემები მოიპოვეს.
ის 21 მეტრ სიღრმეში მდებარეობს და 1673 ქვისგან შედგება, რომელთა უმეტესობის ზომაც 1 მეტრს ჩამოუვარდება. ისინი გვერდიგვერდ 971 მეტრ სიგრძეზეა ჩამწკრივებული. მსგავსი განლაგება მიუთითებს, რომ სტრუქტურა ბუნებრივი პროცესების შედეგად არაა ფორმირებული, არამედ ადამიანთა მიერაა აგებული.
მეცნიერთა გამოთვლებით, ბლინკერვოლი ზღვის დონის აწევის გამო 8600-8000 წლის წინა შუა პერიოდში წყალში ჩაიძირა. დროის ამ მონაკვეთში იგივე ევროპის ჩრდილოეთ რეგიონის დიდ ნაწილს დაემართა. მანამდე იქ მობინადრე მონადირეებმა ქვის ეს კედელი ააშენეს, რათა ჩლიქოსნები მარტივად მოეხელთებინათ, პირველყოვლისა კი ირმები, რომლებიც ამ არეალში გავრცელებულები იყვნენ.
კედლის მიმართულება მიანიშნებს, რომ ის გერმანიის ჩრდილოეთ დაბლობზე ირმების მიგრაციის ტრაექტორიას შეესაბამებოდა. სტრუქტურა მათ უფრო შორს წასვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც ნეოლითის პერიოდის ადამიანებს საქმეს უადვილებდა.
ასეთი ნაგებობები სხვაგანაც გვხვდება, მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ჰურონის ტბაში, სადაც 9000 წლის წინანდელი სტრუქტურაა. ბლინკერვოლი მასზე ბევრად ძველია, რაც მას მნიშვნელობას მატებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა
კომენტარები