მეცნიერებმა სინათლის სიჩქარე 10 000-ჯერ შეანელეს
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, სინათლის სიჩქარის შენელების ახალ მეთოდს მიაგნეს, რომელიც შესაძლოა, ოპტიკური კომუნიკაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.
სინათლის სხივი კოსმოსის სიცარიელეში წამში 299 792 458 მეტრ მანძილს გადის. გამჭვირვალე მატერიის უდიდესი ნაწილი სინათლის სიჩქარეზე მხოლოდ მცირედით ზემოქმედებს, მნიშვნელოვანი სხვაობისთვის კი სპეციალური "მასალაა" საჭირო, როგორიც ფოტონური კრისტალები და სუპერცივი კვანტური აირებია.
რაც შეეხება ზემოხსენებულ მეთოდს, ის ელექტრომაგნიტურად პროვოცირებულ გამჭვირვალობას ეფუძნება. ეს ვაკუუმში არსებულ აირში ელექტრონებზე ლაზერით ზემოქმედებას გულისხმობს, რაც მას გამჭვირვალედ აქცევს, ანუ ლაზერის სხივს იქ გავლა შეუძლია, მაგრამ ჩვეულებრივზე ნელა. ამავე დროს, აღწერილ პროცესში ენერგია დიდი ოდენობით იკარგება, მეცნიერებს კი ამის თავიდან აცილება სურდათ.
სწორედ ამიტომ შექმნეს ახალი მატერია, რომელიც სინათლეს შეანელებდა. ის ერთგვარი მეტაზედაპირია — სინთეტიკური, ორგანზომილებიანი სტრუქტურა ისეთი მახასიათებლებით, რომლებსაც ბუნებაში ანალოგი არ გააჩნია. ასეთი მეტაზედაპირები მეცნიერებმა სილიციუმის შრეებისგან დაამზადეს, რაც ენერგიის დანაკარგს უფრო კარგად ამცირებს, ვიდრე სხვა მატერიები.
შედეგების თანახმად, ამ მეთოდით სინათლის სიჩქარის შენელება 10 000-ზე მეტჯერაა შესაძლებელი, ხოლო დანაკარგი 5-ზე მეტჯერ მცირდება. აღნიშნულ ტექნოლოგიაში მთავარი მეტაზედაპირების შემადგენელი მეტაატომების სათანადო განლაგებაა. მათი სიახლოვე იქ სინათლის გავლის პროცესზე ახდენს გავლენას.
იქიდან გამომდინარე, რომ სინათლე კვანტურ კომპიუტერებსა და ინტერნეტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ახალი მეთოდის გამოყენება ამ მიმართულებითაცაა შესაძლებელი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nano Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები