როდის "გაჩნდა" მათემატიკა და ვინ იყვნენ პირველი მათემატიკოსები
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მათემატიკოსმა, კარლ ფრიდრიხ გაუსმა, ერთხელ თქვა, რომ მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია.
ტერმინზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მათემატიკა მეცნიერების ფუნდამენტია. ეს საგანი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე რაციონალური კვლევის სხვა ფორმები. ის სულ მცირე ათიათასობით წლით ადრე გაჩნდა. როდესაც იბნ ალ-ჰაისამი მე-10 საუკუნეში თანამედროვე მეცნიერებისთვის დამახასიათებელ კონცეფციებზე მუშაობდა, ის უკვე ეყრდნობოდა მათემატიკური ცოდნისა და აღმოჩენების სისტემებს. ეს სისტემები კი უკვე ათასწლეულებს ითვლიდა.
შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, ვინ დაიწყო ეს პროცესი და როდის გამოჩნდნენ პირველი მათემატიკოსები?!
გზა არ იყო მარტივი. იყო შემთხვევები, როდესაც მათემატიკოსებს დევნიდნენ. ასეთი რამ მომხდარა ძველ რომშიც და ქრისტიანულ სამყაროშიც.
როგორც წმინდა ავგუსტინე წერდა: "კარგი ქრისტიანი უნდა უფრთხოდეს მათემატიკოსებს. არსებობს საფრთხე, რომ მათემატიკოსებმა ეშმაკთან დადეს შეთანხმება. ეს ადამიანს ჯოჯოხეთის ბორკილებამდე მიიყვანს".
ყველა უძველესი კულტურა, რომელიც მათემატიკას სწავლობდა, აქამდე საკუთარი გზით მივიდა. ძველი ბერძნებისთვის გეომეტრია და ლოგიკა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ეს ის ცნებებია, რომელთა დამუშავება პითაგორამ და პლატონმა ძვ.წ. VI საუკუნეში დაიწყეს. ძველ ჩინეთში მათემატიკას უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. მას მართვისთვისა და რესურსების გადანაწილებისთვის იყენებდნენ. ინდოეთში ძვ.წ. VIII საუკუნის ტექსტებში შატაპათა ბრაჰმანამ მათემატიკა, როგორც ღმერთებთან ურთიერთობის საშუალება ისე გამოიყენა.
ჩამოთვლილთაგან მათემატიკას ყველაზე პირველად ძველი ბაბილონელები იყენებდნენ. ძვ.წ. 1 600 წელს ბაბილონელებს ასტრონომიისთვის მათემატიკა დასჭირდათ. ისინი ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ და მათ მოძრაობას განსაზღვრავდნენ. შესაბამისად, საჭირო გახდა სპეციალური ცხრილები.
ბაბილონური მათემატიკა არის მარტივი და ამასთან, გასაოცარი. ის არასრულია და ბუნებრივია, შეიცავს შეცდომებს. რთულია ამ ტექსტების შემდგენლებს თანამედროვე გაგებით მათემატიკოსები ვუწოდოთ, მაგრამ ამავდროულად ეს უძველესი მათემატიკური ტრადიციების მტკიცებულებაა.
და მაინც, ვინ იყვნენ პირველი მათემატიკოსები?
პირველი მათემატიკოსები
ამ მხრივ კიდევ უფრო შორს წასვლა შეგვიძლია. ზოგ შემთხვევაში ძველ ეგვიპტეში მათემატიკას საერთოდ დამწერლობის გაჩენამდეც იყენებდნენ. ათობითი რიცხვითი სისტემის გამოყენების მაგალითები 5 000 წლის წინანდელ არტეფაქტებზეცაა აღმოჩენილი.
"ძვ.წ. 3 000 წლისთვის სოფლის მეურნეობა განვითარდა, რომელიც სეზონებზე იყო დამოკიდებული. წვიმების სეზონის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამის პარალელურად, ვითარდებოდა ასტრონომია და შესაბამისი კალენდარული სისტემების შედგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდებოდა", — ამბობს ჯონ ჯოზეფი, სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მათემატიკოსი.
გარდა ამისა, ეგვიპტელების მიერ ათვისებული დიდი ტერიტორია კომპლექსურ ადმინისტრირებას საჭიროებდა. სულ ფურო საჭირო ხდებოდა გადასახადებისა და სამხედრო სისტემების ადმინისტრირება. საზოგადოება უფრო კომპლექსური გახდა, საჭირო იყო ჩანაწერების შენახვა და გამოთვლების წარმოება. ადამიანებმა დაიწყეს საქონლის გაცვლა, გაჩნდა დათვლის აუცილებლობა. აქ ნელ-ნელა ჩნდება რიცხვები.
მალევე გამოჩნდა ეგვიპტელების მათემატიკური ოსტატობის მთავარი ნიშანი, პირამიდები.
"გიზის პირამიდა ძვ.წ. 2650 წელს აშენდა და ეს ინჟინერიის შესანიშნავი მიღწევაა. პირამიდაზე დაკვირვება აჩენს ვარაუდს, რომ ის გარკვეული მათემატიკური მუდმივების გამოყენებით შეიქმნა", — თქვა ჯოზეფმა.
ესე იგი, ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველი მათემატიკოსები? გარკვეულწილად, დიახ. მათემატიკის სახელმძღვანელოს ყველაზე ადრეული ნიმუში სწორედ ძველ ეგვიპტესთანაა დაკავშირებული, რომელიც 84 პრაქტიკული ამოცანისგან შედგება, მოიცავს ართმეტიკას, გეომეტრიასა და მარტივ ალგებრას.
ვიცით, რომ სახელმძღვანელოს ავტორი იყო აჰმესი. მისივე ჩანაწერებით ჩანს, რომ პაპირუსი გადაწერილი იყო წყალდიდობის სეზონის მეოთხე თვეში, ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფის ბრძანებით. ეს დაახლოებით ძვ.წ. 1650 წელია.
დასაწყისში
და მაინც, აქამდე ვსაუბრობდით პერიოდზე, რომლიდანაც ადამიანების სახელებია შემორჩენილი. თუ გვსრუს მათემატიკის ნამდვილ საწყისებს გავწვდეთ ათიათასობით წლის წინანდელ წარსულში უნდა გავიხედოთ.
"მათემატიკის ისტორიას მხოლოდ ტექსტების არსებობა არ არსებობით ვერ შემოვსაზღვრავთ. მათემატიკა თავიდან დათვლისა და ციფრების ჩაწერის საჭიროებიდან წარმოიშვა. ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ არსებობდა პროტომათემატიკაც, რომელიც წერილობით ტექსტებამდე წარმოიშვა", — წერს მათემატიკოსი და მათემატიკის ისტორიის სპეციალისტი, ჯორჯ გევერგეზე.
ამ განსაზღვრებით პირველი მათემატიკოსი არ იყო რომელიღაც რომაელი ან ბერძენი, რომელიც აბსტრაქტულ თეორემებზე მუშაობდა. ეს არც აჰმესი იყო. ეს იყო ის, ვინც შექმნა იშანგოს ძვალი.
ეს ნიმუში დაახლოებით 10 სანტიმეტრის სიგრძისაა. ერთი შეხედვით, მას არაფერი აქვს საერთო მათემატიკასთან. თუმცა, ყველაფერი პატარა ჭრილებში იმალება, რომლებიც ხელოვნურადაა წარმოქმნილი. ძვალზე ეს ჭრილები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი. ჭრილებს შორის, ჯგუფების მიხედვით, განსხვავებული დაშორებებია.
"ყოველ ჯგუფში ციფრების თავისებურება შეინიშნება. ეს 10-ზე დაფუძნებულ რიცხვთა სისტემას შეესაბამება, ვინაიდან ჭრილები დაჯგუფებულია. ბოლო ჯგუფში საერთოდაც დუბლირების სისტემაა შემოტანილი, ეს ორზე გამრავლების კონცეფციას ჰგავს", — ამბობს გევერგეზე.
ზუსტად რატომ შეიქმნა იშანგოს ძვალი, არ ვიცით. მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას მათემატიკური თამაშებისთვის იყენებდნენ. სხვები ფიქრობენ, რომ ძვალს რელიგიური ან მეტეოროლოგიური მიზნებისთვის იყენებდნენ. არის ვარაუდიც, რომ ეგვიპტელებმა სწორედ იშანგოს ხალხისგან გადმოიღეს მათემატიკა. ეს ძვალი ფაქტობრივად უძველესი კალკულატორია, რომელიც მათემატიკის არსებობის პირველი მტკიცებულებაა.
პირველადი შეფასებების მიხედვით ძვალი 10 000 წლის წინანდელი იყო. თუმცა, ბოლო და უფრო კომპლექსურმა კველვებმა აჩვენა, რომ ძვალი მინიმუმ 20 000 წლისაა. ამ დროისთვის, სწორედ ეს ძვალი ითვლება მათემატიკის უძველეს ნიმუშად. შესაბამისად, მის შემქმნელებს პირველი მათემატიკოსებიც შეგვიძლია ვუწოდოთ.
კომენტარები