Voyager 1-ს ვკარგავთ — კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება
Voyager 1-ის საქმე უარესდება. უკვე თვეებია რაც ზონდთან კონტაქტი დაკარგულია. მეცნიერებმა არ იციან თუ როდის შეიძლება აღდგეს მასთან კავშირი.
Ars Technica-სთან ინტერვიუში, Voyager-ის პროექტის მენეჯერმა სიუზან დოდმა თქვა, რომ 46 წლის ზონდი, იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე.
ცნობისთვის, Voyager 1 ახლა დედამიწისგან 24 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და ის სულ უფრო გვშორდება.
ჯერ კიდევ ნოემბერში, კომპიუტერის შეფერხების გამო ზონდმა თავისი ტელემეტრიული მონაცემების უკან გამოგზავნა შეწყვიტა. მას შემდეგ ხომალდი ფაქტიურად "ბრმად" მოძრაობს.
"ეს იქნება გასაოცარი თუ მასთან კონტაქტს აღვადგენთ. ჩვენ ჯერ არ ვნებდებით, მაგრამ შანსები მცირეა. რაც მე ამ პროექტში ვარ, ასეთი სერიოზული პრობლემა არ გვქონია", — თქვა დოდმა.
ასევე: Voyager 1 ვარსკვლავთშორისი სივრციდან დედამიწას ვეღარ უკავშირდება
ზონდები Voyager 1 და Voyager 2 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. 2012 წლიდან ორივე ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაადგილდება.
"ვოიაჯერებმა მოლოდინს გადააჭარბეს. იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ახლა ცოცხალი აღარაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვთმობთ ზონდებს, ისინი ხო ასე შორს წავიდნენ", — აღნიშნა დოდმა.
Voyager 1-ის ამჟამინდელი პრობლემა, როგორც ჩანს, ფრენის მონაცემთა ქვესისტემიდან (FDS) გამომდინარეობს. საუბარია მისი სამი ძირითადი კომპიუტერიდან ერთ-ერთზე, რომელსაც ოპერაციული მონაცემების გამოგზავნა ევალება.
მკვლევრები ცდილობენ ზუსტად დაადგინონ თუ რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.
"სავარაუდოდ მეხსიერების პრობლემაა. თუმცა, ტელემეტრიის გარეშე, ჩვენ ვერ ვხედავთ სად არის FDS მეხსიერება დაზიანებული", — თქვა დოდმა.
დოდი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ თუ ასე დიდხანს გაგრძელდება შეიძლება ზონდი საბოლოოდ დავკარგოთ.
კომენტარები