მეცნიერებმა ადამიანის ფეხის 90 000 წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩინეს
მაროკოში მომუშავე არქეოლოგებმა ადამიანის ფეხის 80-ზე მეტი ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 90 000 წელია.
ეს ნაფეხურები, სავარაუდოდ, ჩვენმა წინაპარმა ჰომო საპიენსებმა დატოვეს, მათ შორის ბავშვებმა. ეს ნიმუშები ქალაქ ლარაშის სანაპიროზეა მიკვლეული, ტანჟერიდან 90 კილომეტრით სამხრეთით. გათხრებში მაროკოელი, ესპანელი,ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
"ეს ადამიანები სანაპიროს ზღვამდე მისასვლელად კვეთდნენ, სავარაუდოდ საკვების მოსაპოვებლად. ისინი, დიდი ალბათობით, თევზის ჭერითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი ამბობენ, რომ ზემოხსენებული ათეულობით ნაკვალევი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია და ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონებში უძველესია. თავად გათხრები 2022 წლის ივლისში ჩატარდა, მიზანი კი სანაპიროს მიმდებარედ მიმოფანტული ლოდების წარმომავლობისა და დინამიკის შესწავლა იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მაროკოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეცნიერებმა ჰომო საპიენსის ნაშთებს მიაგნეს, რომელთა ასაკიც 300 000 წელია. ამან ჩვენი სახეობის გამოჩენის სავარაუდო პერიოდი 100 000 წლით უკან გადაწია. უკანასკნელი ნაკვალევი ადამიანთა განვითარების ისტორიაში ამ არეალის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
"მსოფლიო მემკვიდრეობის ამ ადგილს უნდა გავუფრთხილდეთ მაშინაც, თუ მას ზღვის მომატებული დონე და შტორმები ემუქრება. სხვა ნაკვალევს ქანების ეროზია გამოავლენს. მათი შესწავლა საინტერესო იქნება, რადგან ასე ამ სანაპიროზე მცხოვრები ჰომო საპიენსების შესახებ მეტ დეტალს შევიტყობთ", — ამბობს ლარაშის არქეოლოგიური ზონის კურატორი, ანას სედრატი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები