ნახეთ: ახალი სურათი სამყაროს რენტგენულ სპექტრში გვიჩვენებს
პროექტ eROSITA-ს ფარგლებში ასტრონომებმა ცის ნახევარი რენტგენულ სპექტრში გადაიღეს. ახალი მონაცემები თითქმის 1 მილიონ მაღალენერგიულ კოსმოსურ წყაროს მოიცავს, მათ შორის ზემასიურ შავ ხვრელებს, ზეახალ ვარსკვლავებს, უზარმაზარ გალაქტიკურ ფილამენტებს, ანუ ცხელი აირის ძაფისებრ სტრუქტურებს და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს უდიდესი ამგვარი კატალოგია.
შედეგების მიხედვით, eROSITA-ს წყალობით ნახევარ წელში იმაზე მეტი მაღალენერგიული რენტგენული წყარო აღმოვაჩინეთ, ვიდრე 6 დეკადის განმავლობაში. ეს ინფორმაცია შესაძლოა, სამყაროს შესახებ უმთავრეს კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმაროს, მაგალითად, როგორ განიცადა მან ევოლუცია და რატომ ფართოვდება ის აჩქარებული ტემპით.
პროექტის მთავარი მიზანი გალაქტიკათა შეჯგუფებების მიხედვით იმის გარკვევაა, თუ როგორ აჩქარებს კოსმოსის გაფართოებას ბნელი ენერგია, მაგრამ eROSITA-ს შესაძლებლობები ამას სცდება.
მისი მონაცემების წყალობით დაფიქსირებულია გალაქტიკათა 1000-ზე მეტი ე.წ. სუპერკლასტერი და კვაზიპერიოდულად ამოფრქვევადი 2 შავი ხვრელი. ასევე, გარკვეულია, რა გავლენა აქვს ვარსკვლავთა რენტგენულ რადიაციას მათ გარშემო მოძრავ პლანეტებზე ატმოსფეროსა და წყლის შენარჩუნებაზე.
ტელესკოპის ეს დაკვირვებები 2019 წელის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 11 ივლისამდე განხორციელდა და ღამის ცის ნახევარს ფარავს. ამ დროის განმავლობაში ობსერვატორიამ რენტგენული სინათლის დაახლოებით 170 მილიონი ნაწილაკი, ფოტონი, დააფიქსირა.
საბოლოოდ, 900 000 წყარო გამოვლინდა, საიდანაც 700 000 გალაქტიკების ცენტრში შავი ხვრელებით გააქტიურებული კვაზარებია, ანუ ძალიან კაშკაშა ბირთვები. გამოვლენილია ირმის ნახტომში მდებარე 180 000 ვარსკვლავი, გალაქტიკათა 12 000 შეჯგუფება და ისეთი ეგზოტიკური ობიექტები, როგორიცაა ბინარული მნათობები, ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენები, პულსარები და სხვა.
eROSITA იმდენად მგრძნობიარეა, რომ მან დაადგინა, ცის რომელი წერტილიდან მოდიოდა თითოეული რენტგენული ნაწილაკი, რა დროს ანდომებდა ტელესკოპამდე მიღწევას და როგორი ენერგია ჰქონდა.
მეცნიერებმა გაასაჯაროვეს პროგრამა, რომელიც eROSITA-ს მონაცემებისა და სხვა კატალოგების გასაანალიზებლადაა საჭირო. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს რენტგენული ასტრონომიის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
კომენტარები