აღმოაჩინეს სუპერდედამიწა, რომელზეც ახალი წელი ყოველ 19 დღეში ერთხელ დგება
ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელზეც, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს. პლანეტა, სახელად TOI-715 b, სუპერდედამიწაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო დიდია ვიდრე ჩვენი პლანეტა, მაგრამ უფრო მცირეა ვიდრე გაზის გიგანტები, როგორიცაა იუპიტერი.
ეგზოპლანეტა წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ვარსკვლავი მზეზე პატარაა. ის ჩვენგან მხოლოდ 137 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. კოსმოსური თვალსაზრისით ეს არც ისე შორსაა, რაც მის შესწავლას შედარებით აადვილებს.
შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
TESS-ის აღმოჩენა
TOI-715 b არ არის ერთადერთი პლანეტა ამ სისტემაში. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ იქ კიდევ ერთი, დედამიწაზე ოდნავ დიდი ეგზოპლანეტაა. რაც საინტერესოა, ისიც ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაშია.
სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავის ირგვლივ მდებარე რეგიონია, სადაც ტემპერატურა შესაფერისია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის. ეს კი მოგეხსენებათ სიცოცხლის ძირითად ინგრედიენტად ითვლება. თუმცა, სასიცოცხლო ზონა არ არის სიცოცხლის გარანტია. ბევრი სხვა ფაქტორი, როგორიცაა პლანეტის ატმოსფერო, გეოლოგია და ისტორია, ასევე თამაშობს როლს იმის განსაზღვრაში, შეუძლია თუ არა პლანეტას სიცოცხლის მასპინძლობა.
ეგზოპლანეტა TESS-მა აღმოაჩინა. ეს NASA-ს ტრანზიტული ეგზოპლანეტების კვლევის სატელიტია, რომელიც ცას პლანეტების გამოსავლენად აკვირდება. TESS-მა 2018 წლიდან, გაშვების მომენტიდან, უკვე ასობით ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. მათგან უმეტესობა სწორედ წითელი ჯუჯების ირგვლივ ბრუნავს.
წითელი ჯუჯები ერთის მხრივ, სტაბილურია, რაც პლანეტებს მეტ დროს აძლევს განვითარებისთვის. მეორეს მხრივ კი, მათზე აქტიური პროცესები ხდება და ასეთი ვარსკვლავები ამოფრქვევებისკენაა მიდრეკლი. ამან პლანეტების ატმოსფეროს შეიძლება ზიანი მიაყენოს.
19 დღიანი ორბიტა შესაძლო ექსტრემალური ტემპერატურით
TOI-715 b-ზე კლიმატი მკვეთრად ცვალებადი უნდა იყოს. TOI-715 b ვარსკვლავის გარშემო სრულ ბრუნს ყოველ 19 დღეში ერთხელ ასრულებს. მისი არასტანდარტული ორბიტიდან გამომდინარე დღისით და ღამით ამ პლანეტაზე ტემერატურა მნიშვნელოვნად იცვლება.
ასტრონომებისთვის შემდეგი ეტაპი TOI-715 b-ისა და მისი შესაძლო კომპანიონი პლანეტის თვისებებისა და ატმოსფეროს შესახებ მეტის გაგებაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, რომელიც შექმნილია ეგზოპლანეტების მიერ გამოსხივებულ ინფრაწითელ შუქზე დასაკვირვებლად და მათი ქიმიური შემადგენლობის გამოსავლენად. ამან შეიძლება გვითხრას, არის თუ არა პლანეტაზე წყალი, ჟანგბადი, მეთანი და სხვა მოლეკულები, რომლებიც მიუთითებენ სიცოცხლის არსებობაზე.
კომენტარები