ფერების აღქმა ასაკთან ერთად იცვლება — კვლევა
ასაკთან ერთად, სამყაროს აღქმაც გვეცვლება. ჩვენი გემოვნების, ყნოსვის, სმენისა და მხედველობის შეგრძნებები ნაკლებად მკვეთრი ხდება. და აი ახლა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფერის აღქმაც კი დროთა განმავლობაში იცვლება.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრებმა შეადარეს, თუ როგორ რეაგირებენ ახალგაზრდები და ხანდაზმული ადამიანები ფერებზე.
ჯგუფმა 17 ახალგაზრდისა (საშუალო ასაკი 27 წელი) და 20 ხანდაზმულის (საშუალო ასაკი 64) მონაცემები გააანალიზა. მონაწილეები მოათავსეს ბნელ ოთახში, სადაც მათი გუგების დიამეტრი ძალიან მგრძნობიარე თვალის კამერით გაზომეს. კვლევის მონაწილეებს 26 სხვადასხვა ფერს, თითოეულს ხუთი წამის განმავლობაში აჩვენებდნენ.
ეს მოიცავდა სხვადასხვა ფერებს — მათ შორის იყო ლურჯი, მწვანე, ყვითელი და წითელი. მონაწილეებს ასევე ანახეს ორი ნარინჯისფერი და ოთხი ნაცრისფერი სპექტრი.
როდესაც ვხედავთ ფერს, ჩვენი გუგები ვიწროვდება მისი სიმსუბუქის ან ფერის (ფერადობის) ნებისმიერი ცვლილების საპასუხოდ. როგორც წესი, ამაზე დაკვირვება ძნელია, მაგრამ ჯგუფის მიერ გამოყენებულ კამერას ეს შეეძლო.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ხანდაზმული ადამიანების გუგის დიამეტრი ახალგაზრდებისასგან განსხვავებით ნაკლებად იკუმშება ფერის ქრომის საპასუხოდ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მწვანე ფერის შემთხვევაში.
"ეს ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენ ფიზიოლოგიურად ნაკლებად მგრძნობიარენი ვხდებით ფერების მიმართ. ეს განსხვავება შედარებით მცირე იყო ლურჯი ფერის შემთხვევაში", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ავტორის, დოქტორი იანეკე ვან ლეუვენის განცხადებით, კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ძველ შეხედულებას, რომ ფერების აღქმა შედარებით მუდმივი რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ ფერები ნელ-ნელა, ასკთან ერთად ფერმკრთალდება.
მკვლევრების აზრით, ამის მიზეზი ტვინის სპეციფიურ უბნებშია, რომელიც ასაკთან ერთად შედარებით ცუდად მუშაობს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები