რატომ იწყებს ზოგი ბავშვი ლაპარაკს ადრე — კვლევა
ადამიანის ცხოვრების პირველი ოთხი წელი გადამწყვეტია ენის განვითარებისთვის, მაგრამ ტემპი, რომლითაც ბავშვები სწავლობენ ლაპარაკს, ძალიან ცვალებადია.
ბავშვების უმეტესობა 18 თვის ასაკში უკვე რამდენიმე სიტყვასა და წინადადებას ამბობს. თუმცა, ზოგი შედარებით გამართულ საუბარს უფრო ადრეც იწყებს.
უკვე წლებია, ფსიქოლოგი ელიკა ბერგელსონი დაინტერესებულია, თუ რა ინდივიდუალური განსხვავებები იწვევს უნარების ამ სპექტრს. მისმა ბოლოდროინდელმა დაკვირვებამ ამ თემაზე საინტერესო შედეგები გამოიღო.
მან და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა 1 001 ოთხ წლამდე ბავშვი შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვების მეტყველების სიხშირეზე არ ჰქონდა გავლენა სქესს, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და სხვა მსგავს ფაქტორებს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე გამართულად ის ბავშვები საუბრობდნენ, რომლებიც ზრდასრულების საუბარს უფრო ხშირად ისმენდნენ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დისლექსია.
"მეტყველების განვითარების ტემპს ხშირად დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ფენას მიაწერდნენ. მიიჩნეოდა, რომ ამის მიზეზი რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორი ზრდასრული ადამიანების საუბრის მოსმენაა", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის შედეგებს არ შეუძლია გამოავლინოს უშუალო მიზეზი, თუ რატომ არის ასე გადაჯაჭვული ბავშვის მეტყველება და ზრდასრულთა საუბარი, მაგრამ არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა. ერთი ისაა, რომ ბავშვი, რომელიც ადრე იწყებს საუბარს, ამ მხრივ ყურადღებას იქცევს, და მას მშობლებიც უფრო მეტს ელაპარაკებიან. მეორე ვერსიის მიხედვით კი, შედარებით მეტი საუბრის მოსმენა ბავშვში ლაპარაკის შესაძლებლობებს ავითარებს.
შესაბამისად, ბავშვების თანდასწრებით მეტი საუბარი შეიძლება მათთვის სასარგებლო იყოს.
აღსანიშნავია, რომ კვლევამ 12 ქვეყანა და 43 სასაუბრო ენა მოიცვა. ბავშვების საუბარს მკვლევრები სპეციალური ტექნოლოგიებით აკვირდებოდნენ. მათ მოწყობილობა ბავშვების ტანსაცმელზე განათავსეს.
საბოლოო ჯამში, გუნდმა ვერ აღმოაჩინა დამაჯერებელი კავშირი საუბარის სიხშირესა და სქესს თუ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც უფროსების უფრო მეტ საუბარს უსმენდნენ, თავადაც უფრო მეტს საუბრობდნენ.
კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები