"აქ დავრჩები, ჩემს ეზოში, ფეხს არ მოვიცვლი" — ბრძოლა ბოლო საცხოვრისისთვის
დილის ათი ხდებოდა, როდესაც ზანდუკელის #2-ში მივედი — სახლთან, რომელშიც ბალახაძეების ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, წუთი-წუთზე გასახლების მოლოდინში. ჩემი მისვლიდან ერთ საათში, აღსრულების პოლიციას მათი გასახლება უნდა დაეწყო.
ამ პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნითა და ბოლო საცხოვრისის შენარჩუნებითვის, ადგილზე ასეთი სურათი დამხვდა:
- ბოლო საცხოვრისი — ასე განიმარტება კანონით იძულებითი აღსრულების შესახებ უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს მოვალისა და მისი ოჯახის წევრებზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთადერთ უძრავ ნივთს.
აღსრულების პოლიცია ადგილზე დილის 11 საათზე უნდა მისულიყო.
მისვლიდან მალევე, ელგუჯა ბალახაძის ირგვლივ სულ უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს ვხედავ. მათაც, ვინც ამავე კვირაში, მზად იყო, წინააღმდეგობა გაეწია აღსრულების პოლიციისთვის, ოჯახების გასახლების წინააღმდეგ თბილისის კიდევ ორ სხვადასხვა უბანში.
რა ხდება ოჯახში, რომელიც წუთი-წუთზე გასახლებას ელის — ეკითხებიან ბალახაძეს. "ქუჩაში დარჩენის პანიკური სიტუაცია ნაკლებად გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ", — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გასახლების შემთხვევაში, ალტერნატიული თავშესაფრისთვის არავის სთხოვოს დახმარება, მათ შორის, არც მთავრობას: "მე გადავიხდი ვალს, ასე რომ ვიდრე რიკო კრედიტი არ წამოვა მოლაპარაკებაზე, მანამდე მოუწევთ ჩვენთან ასეთი მეთოდებით გამკლავება."
ბინაში, რომელსაც ბალახაძეების ოჯახს რიკო კრედიტი ართმევს, 7 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის — ორსული ქალი, შშმ პირი და 5 წლის ბავშვი. ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი ხანდაზმულია.
თავდაპირველად, ბალახაძეების გამოსახლება 2023 წლის 8 ნოემბერს დაიგეგმა, თუმცა, ელგუჯა ბალახაძემ On.ge-სთან საუბრისას თქვა, რომ რადგან ოჯახში შშმ პირია, გამოსახლება სამი თვის ვადით გადაიდო. დათქმის მიხედვით, სამი თვე ჯერ არ გასულა და ვერ ხვდება, რატომ ჩანიშნა მისი გასახლება აღსრულების ბიურომ 26 იანვარს.
ზანდუკელის #2-ში შეკრებილთა შორის ბევრი ნაცნობი სახეა. მეც, მათ მსგავსად, მესამედ მიწევს გასახლების საფრთხის ქვეშ მყოფ ოჯახთან მისვლა. აქ არიან სამოქალაქო აქტივისტები.
თვალშისაცემი იყო, სოლიდარობის ნიშნად, ბალახაძეების ოჯახის მხარდაჭერისთვის მოსულები კურიერების შემადგენლობაც.
ზანდუკელის #2-ში ვნახეთ, სოლიდარობის ნიშნად, ჭიათურიდან ჩამოსული გაფიცული მაღაროელები და ვარლამ გოლეთიანი, რიონის ხეობის მცველი.
იქ იყო მარინა ხატიაშვილი, რომელიც აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს გამოასახლა. და ასევე, მარიამ კაკიაშვილი, რომელიც აღსრულების ბიუროს 24 იანვარს უნდა გამოესახლებინა, თუმცა, პროცესი შეაჩერა.
გაიგე მეტი: რაზე შეთანხმდნენ მარინა ხატიაშვილი და ბინის ახალი მფლობელი — დეტალები
დღეს არც ბალახაძეების ოჯახის გასახლება შედგა, რადგან აღსრულების ბიურომ პროცესი ამ შემთხვევაშიც გადადო. ბიუროში თქვეს, რომ მხარეებს აძლევენ დროს, მოილაპარაკონ ვალის ვადებთან დაკავშირებით და ამ პროცესში თავადაც ჩართული იქნებიან.
ამის მიუხედავად, აქტივისტებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ. ისინი მოითხოვდნენ, ხატიაშვილების გასახლების პროცესში დაკავებული მოძრაობა ხმის წევრების — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას. მათ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს 23 იანვარს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამ მოთხოვნით პროტესტმა ზანდუკელის #2-დან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა, სადაც სტუდენტური მოძრაობა მაისის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, ადმინისტრაცია დაიკავეს.
სიტყვით მიმართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაგრძელდა. მაისის სტუდენტური მოძრაობა, რომელმაც თსუ-ს კანცელარია დაიკავა, მოითხოვს: შეწყდეს ოჯახების გამოსახლება, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ.
კომენტარები