ჩინეთში ბნელი მატერიის საკვლევი უღრმესი და უდიდესი მიწისქვეშა ლაბორატორია გაიხსნა
ჩინეთში ბნელი მატერიის შემსწავლელი მიწისქვეშა ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდია და რეკორდულ სიღრმეშია განლაგებული.
კერძოდ, ეს სამეცნიერო დაწესებულება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ცინპინის მთების დაბლა დაახლოებით 2 400 მეტრ სიღრმეში მდებარეობს. ის სპეციალისტებს იმ უხილავი სუბსტანციის გამოკვლევის საშუალებას მისცემს, რომელიც სამყაროს მთლიანი მატერიის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი.
ბნელი მატერია ასეთი სიჭარბის გამო კოსმოსს მასას მატებს, ხილულ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციულად ურთიერთქმედებს და სინათლეს არ შთანთქავს ან გამოყოფს. აქედან გამომდინარე, მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მარტივი არაა. მიიჩნევა, რომ გალაქტიკებსა თუ სხვა სტრუქტურებს ერთიანობას სწორედ ის უნარჩუნებს, ამიტომ მასზე დაკვირვება სამყაროს უკეთ გასაგებად უმნიშვნელოვანესია.
ჩინეთს სურს, ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზე იყოს და ბნელი მატერიის საიდუმლოს ამოხსნაში წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული დაწესებულების შემადგენელი პირველი ლაბორატორია China Jinping Underground Laboratory (CJPL) ჯერ კიდევ 2010 წელს გაიხსნა. 50-ჯერ დიდი CJPL-II-ის მშენებლობა კი 2020 წელს დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.
სიღრმისა და სიდიდის გამო ახლა ის მსგავს ლაბორატორიებს შორის უკვე პირველ ადგილზეა. ბნელი მატერიის საკვლევად სიღრმე აუცილებელია, რადგან ხმელეთის ზედაპირიდან მისი შემადგენელი ნაწილაკების დაფიქსირების მცდელობა, მეცნიერთა თქმით, ხალხით სავსე, ხმაურიან, სტადიონზე ბავშვის სუსტი ხმის გაგონებას ჰგავს.
ჩინელმა სპეციალისტებმა გააუმჯობესეს დეტექტორი PandaX-4T-ც, რომელიც 120 კილოგრამი თხევადი ქსენონის ნაცვლად ახლა უკვე 4 ტონაზე მუშაობს. იმედოვნებენ, რომ როდესაც ამ ქიმიურ ელემენტს ბნელი მატერიის ნაწილაკი შეეჯახება, სინათლე წარმოიქმნება, რომელსაც სათანადო სენსორებით დააფიქსირებენ.
სხვა დეტექტორი, სახელად China Dark Matter Experiment (CDEX), ელემენტ გერმანიუმზე მუშაობს და ბნელ ნაწილაკთა კონკრეტულ ტიპზეა კონცენტრირებული. ესაა WIMP, სუსტად ურთიერთმოქმედი მასიური ნაწილაკი, რომელიც ბნელი მატერიის შემადგენელი ერთ-ერთი ჰიპოთეზური კანდიდატია.
გავიგებთ თუ არა ახალი ლაბორატორიის წყალობით რაიმე ახალს ბნელი მატერიის შესახებ, მომავალი გვიჩვენებს.
კომენტარები