აკნეს გამომწვევი ბაქტერია მის სამკურნალოდ გენეტიკურად შეცვალეს
Cutibacterium acnes ჩვენს კანზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც აკნეს იწვევს. მეცნიერებმა მისი გენები შეცვალეს, რათა ისეთი მოლეკულის გამომუშავება შესძლებოდა, რომელიც, ექსპერიმენტების თანახმად, სებუმის, ანუ კანის ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს.
გამონაყარი სწორედ ამ ცხიმოვანი ნივთიერების მიერ ფორების დახშობის შედეგია. ზემოხსენებული ბაქტერია კი მისით იკვებება, მრავლდება და ზოგჯერ ანთებით პროცესებს ედება საფუძვლად. ამასთან, ეს მიკროორგანიზმები ჯანსაღი კანისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სპეციალური ლიპიდების მეშვეობით დამცავი ბარიერის შენარჩუნებას განაპირობებს.
იქიდან გამომდინარე, რომ C. acnes თმის ფოლიკულებშია, სადაც ცხიმი წარმოიქმნება, მკვლევრებმა იფიქრეს, რომ მისი გენური მოდიფიცირებით ამ ბაქტერიას აკნეს სამკურნალო უნარს გამოუმუშავებდნენ. მათ იზოტრეტინოინის მოქმედების მექანიზმი გამოიყენეს, რა დროსაც ცილა NGAL-ის მაკოდირებელი გენი აქტიურდება და ცხიმგამომყოფ ქსოვილებს სიკვდილისკენ "მოუწოდებს".
ამ მიკრობის მიერ NGAL-ის წარმოქმნა იმავე ეფექტს მოგვცემს, თუმცა პრეპარატისთვის დამახასიათებელი უკუჩვენებების გარეშე. აქამდე პრობლემა ის იყო, რომ ბაქტერიის გენომი დნმ-ის ახალ ინსტრუქციებს არ იღებდა. ამის მიუხედავად, ექსპერიმენტების შედეგად, საბოლოოდ, მეცნიერებმა მიზანს მიაღწიეს და შექმნეს შტამი, რომელსაც NGAL-ს სეკრეცია შეუძლია.
ლაბორატორიულ პირობებში შექმნილ ცხიმგამომყოფ ქსოვილებში მოდიფიცირებულმა ბაქტერიამ სებუმის რაოდენობა 48 საათში ორჯერ შეამცირა. თაგვების კანზე გადატანისას მან 2-4 დღეში NGAL წარმოქმნა და თმის ფოლიკულებში დაიდო ბინა, როგორც მოსალოდნელი იყო. ცდისას ანთებითი პროცესი არ დაფიქსირებულა.
ავტორები ამბობენ, რომ თაგვისა და ადამიანის კანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, შესაბამისად დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად იმოქმედებს ეს მეთოდი ჩვენზე.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები