მეცნიერებმა 54 ატომისგან ყველაზე პატარა და მჭიდრო კვანძი შექმნეს
მეცნიერთა გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა — მათ მსოფლიოში ყველაზე პატარა და მჭიდრო კვანძი შექმნეს. ეს სპეციალისტებმა ახალი ნივთიერების მეშვეობით შეძლეს, რომელსაც სწორედ კვანძის მოლეკულური სტრუქტურა აქვს. მისი ფორმულაა: [Au633], ხოლო მთლიან მოლეკულას, დასაწყისში ოქროს 6 ატომის გამო, Au6 ეწოდება.
მოლეკულათა ურთიერთგავლენა არა მხოლოდ შემადგენლობაზე, არამედ ფორმაზეცაა დამოკიდებული, რომელიც მრავალგვარი შეიძლება იყოს. მათი სტრუქტურის პროგნოზირება და კონტროლი მარტივი არაა, განსაკუთრებით კვანძების, რადგან ატომების თუნდაც გრძელი ჯაჭვის ბოლოების ძაფივით მოხელთება და ხელოვნურად გაკვანძვა რთულია.
სამაგიეროდ, მსგავსი რამ დნმ-ისა და სხვა ცილების შემთხვევაში ბუნებრივად ხდება, რისი შესწავლაც მნიშვნელოვანი მოლეკულების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. Au6 სწორედ ამის მაგალითია და ის უმარტივეს კვანძს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ 3 მკვეთი წერტილია. მსგავს ფორმას სამყურა კვანძი ეწოდება და რაც უფრო მცირეა მკვეთი წერტილების რიცხვზე გაყოფილი ატომების რაოდენობა, მით უფრო მსუბუქია ის.
Au6-ში მხოლოდ 54 ატომია, ხოლო სხვა ფორმის შემთხვევაში წინა რეკორდი 69 იყო. ორგანული სამყურა კვანძი 76 ატომზე ნაკლები შემადგენლობით არ მიუღიათ. ასევე, Au6-ის სიმსუბუქის მაჩვენებელი 18-ია, რაც ასევე რეკორდული შედეგია.
საინტერესოა, რომ თეორიული მოდელების მიხედვით, კვანძის შესაქმნელად საჭირო ატომების მინიმალური რაოდენობა 50-ია. პატარა კვანძებს, ძირითადად, ლითონის იონებისგან ქმნიან, რათა სპირალურ ჯაჭვებით სასურველი განლაგება მიიღონ, შემდეგ კი მას მეტალის კომპონენტებს აცლიან, თუმცა კვანძი რჩება.
Au6 განსხვავებულადაა შექმნილი, რაც შემთხვევითობის დამსახურებაა. მეცნიერები ე.წ. კატენანინის არაკვანძური სტრუქტურების მისაღებად სხვადასხვა მოლეკულების შემცველ სითხეებს ურევდნენ. რენტგენულმა კრისტალოგრაფიამ კი აჩვენა, რომ ზოგი კატენანინი სწორედ სამყურა კვანძისებურად განლაგდა.
ავტორები ამბობენ, რომ მათთვის ეს მოულოდნელი იყო. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები