შესაძლებელია, ჰაკერებმა მობილურის სინათლის სენსორი სათვალთვალოდ გამოიყენონ?
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, შესაძლებელია თუ არა, რომ სმარტფონების სინათლის სენსორის გამოყენებით ჰაკერებმა საჭირო ინფორმაცია მიიღონ.
ეს სენსორები გარემოში სინათლის დონეს აფიქსირებს, რათა მოწყობილობის ნათება მას მოარგოს. როგორც წესი, აღნიშნული ფუნქცია ნებართვის საჭიროების გარეშე მუშაობს და, მეცნიერთა თქმით, სწორედ ამიტომაა ჰაკერების მიერ მისით სარგებლობა საშიში.
მათ შექმნეს ალგორითმი, რომელიც მობილურთან (ან სხვა მოწყობილობასთან) შეხებას აკვირდება და სხვადასხვა მოძრაობის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, მაგალითად, თითის დაბლა ჩამოსმის, გვერდით გასმის და ა.შ. ის ანდროიდ პლანშეტზე სხვადასხვა გარემოებაში გამოცადეს: ეკრანის წინ მანეკენი, მუყაოში გამოჭრილი ფიგურა და ადამიანი დასვეს. მკვლევრებს აინტერესებდათ, დააფიქსირებდა თუ არა ალგორითმი თითოეული მათგანის შეხებას.
ამ მოძრაობების "თვალთვალისას" სურათების მოპოვების მაჩვენებელი 3.3 წუთში 1 იყო. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ტემპით რეალურ დროში სმარტფონის ეკრანზე შეხების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. რომც მოხერხდეს, ეს კადრები ზედმეტად ბუნდოვანი იქნება.
ამის მიუხედავად, სპეციალისტები უსაფრთხოებისთვის, ანუ პოტენციური რისკის თავიდან ასაცილებლად, რჩევებს მაინც გვაძლევენ. მაგალითად, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი სამიზნე პროგრამაა, კარგი იქნება, თუ სინათლის ავტომატური დარეგულირების ფუნქციას გამორთავთ. ასევე, შეგიძლიათ, სენსორების მუშაობის სიჩქარე შეანელოთ და სიზუსტეც შეამციროთ ან ეკრანი გვერდით მოაქციოთ, რათა პირდაპირ არ გიყურებდეთ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები