აინშტაინის 4 წესი — როგორ ვიცხოვროთ უკეთესად
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ალბერტ აინშტაინზე არ სმენია. მან მეოცე საუკუნის ფიზიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და ის თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, ბევრით სწორედ მასზეა დამოკიდებული.
ჯერ მხოლოდ ეს რად ღირს:
- სინათლის სიჩქარის მუდმივობა.
- ფაქტი, რომ დრო არაა აბსოლუტური, არამედ ფარდობითია და დაკავშირებულია გარემოსა და დამკვირვებელთან.
- ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განტოლება, E = mc².
- გრავიტაციის თეორია, ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელმაც ნიუტონი ბევრი მიმართულებით გადასახედი გახადა.
- აინშტაინ-როზენის ხიდები, ან როგორც უფრო ცნობილია, ჭიის ხვრელები.
დიახ, ეს ყველაფერი აინშტაინთან არის დაკავშირებული. თუმცა, ის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცნობილი ფიზიკოსი. აინშტაინი იყო პაციფისტი, პოლიტიკური აქტივისტი, რასისტული მოძრაობების წინააღმდეგ გამოდიოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა მთელს ისტორიაში.
ის ხშირად სოციალურ ნორმებსაც არღვევდა. მისი აჩეჩილი თმა, მახვილგონივრული იუმორი და სპეციფიური წინდები ამის სულ მცირე ნაწილი იყო. და მაინც, შედარებით ნაკლებად ცნობილია აინშტაინის მიერ გაცემული რჩევები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ეს 4 რჩევა ბენიამინ კოენის წიგნ "აინშტაინის ეფექტშია" მოხსენიებული.
1. გააკეთე ის, რაც გიყვარს, მაშინაც კი, თუ ეს დიდად არ გამოგდის
აინშტაინს ფიზიკის გარდა ბევრი რამ იტაცებდა. მას ძალიან უყვარდა ცომეული და ვიოლინოზე დაკვრა, მაგრამ განსაკუთრებით იტაცებდა ნაოსნობა. როგორც აინშტაინი წერდა, "ზღვაში კრუიზი შესანიშნავი შესაძლებლობაა მაქსიმალური სიმშვიდისა და დაფიქრებისთვის. მისი მეორე ცოლი ამბობდა, რომ "აინშტაინისთვის გემზე კარგი ადგილი არ არსებობს". აინშტაინის გონება გემზე მართლაც თავისუფლდებოდა და ახალ იდეებზე ფიქრობდა.
თუმცა, ნაოსნობის მხრივ აინშტაინი სრულიად უუნარო იყო. როგორც უყურადღებო მეზღვაური ის ხშირად კარგავდა მიმართულებას. შესაბამისად, აინშტაინის გემი სხვა ნავებს საფრთხესაც უქმნიდა. მან არც ცურვა იცოდა, მაგრამ სამაშველო ჟილეტს თითქმის არასდროს ატარებდა. ამის გამო მის სიცოცხლეს რამენჯერმე საფრთხეც შეექმნა.
მიუხედავად ამისა, ის სიმშვიდე რასაც აინშტაინი ნაოსნობისას განიცდიდა მისთვის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი იყო.
2. მიმართეთ აზროვნება თავსატეხების ამოსახსნელად
სამყარო სავსეა პრობლემებით, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე ცივილიზაციის მასშტაბებზე. თუმცა, თუ მათ თავსატეხად განიხილავთ, შესაძლოა გადაჭრაზეც უფრო მარტივად იფიქროთ. აინშტაინი სამყაროს სწორედ ასე ხედავდა: მისთვის, პრობლემები თავსატეხი იყო, რომელიც უნდა გადაეჭრა. ეს ეხებოდა როგორც ფიზიკას, ისე ზოგადად ცხოვრებას.
ამ მხრივ ნიშანდობლივია აინშტაინის ცნობილი ციტატა: "წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა". აინშტაინამდე სინათლის სიჩქარის თავსატეხზე ბევრი სხვა მეცნიერიც დაფიქრებულა — მათ შორის ისეთი გენიოსები, როგორებიც იყვნენ ფიცჯერალდი, მაქსველი, ლორენცი და პუანკარე — აინშტაინმა მაინც ყველაზე მეტი შეძლო. სწორედ დაშვებების გაკეთებით, აინშტაინი ფარდობითობის თეორიამე მივიდა.
აინშტაინს არა უბრალოდ ჰიპოთეზის გაჩენა, არამედ შემდეგ მისი ამოხსნა და გაშიფვრა იზიდავდა. მისთვის სამყარო ერთი დიდი ამოცანა იყო, რომელიც ბევრი პატარა ამოცანისგან შედგებოდა. ამიტომ, აინშტაინი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ თავსატეხების ამოხსნა ადამიანის გონებისთვის ყველაზე მთავარი იყო.
3. ავტორიტეტის ბრმა მორჩილება ჭეშმარიტების უდიდესი მტერია
აინშტაინისთვის უმნიშვნელოვანესი იყო კრიტიკული აზროვნება. როდესაც რაღაცის ზედმეტად გვჯერა, ვწყვეტთ კრიტიკულ აზროვნებას, ვემხრობით მას ვინც ჩვენს აზრს ეთანხმება და აღარ ვისმენთ მის ხმას ვინც განსხვავებულს ამბობს. აინშტაინისთვის სწორედ აქ კვდება კრიტიკული აზროვნება. ის ამას კოლექტიურ სიგიჟეს ეძახდა.
აინშტაინი ამბობდა, რომ ასეთ დროს რაციონალური აზრიც იკარგება. აზრი გადადის ჯგუფის საკუთრბამდე და მას როგორც წესი, სუბიექტური ლიდერი განაგებს.
მეცნიერების ნაწილმა, მათ შორის იოჰანეს სტარკმა (ნობელის პრემიის ლაურეატი და სტარკის ეფექტის შემქმნელი), ანტირელატივისტური საზოგადოება ჩამოაყალიბეს. ეს მოძრაობა აინშტაინისა და მისი თეორიის დისკრედიტაციას ახდენდა. ნაციონალიზმითა და ანტისემიტიზმით გაჟღენთილი ეს მოძრაობა ამტკიცებდა, რომ ფარდობითობა არასწორი და საშიში იყო.
იყო იგივე იდეებით შეპყრობილი მეორე საზოგადოება, რომელიც აინშტაინის აღმოჩენებს ვერ უარყოფდა, მაგრამ ამტკიცებდა, თითქოს ალბერტმა ეს იდეები არაებრაელი მეცნიერისგან მოიპარა.
ეს კარგი მაგალითია იმის თუ რამენად დიდ აბსურდამდე შეიძლება დაიყვანოს იდეაზე მორჩილებამ ჭკვიაინი ადამიანებიც კი.
საბოლოოდ აინშტაინმა ფაშისტური გერმანია დატოვა და თქვა, რომ "ხელისუფლების ბრმა მორჩილება ჭეშმარიტების უდიდესი მტერია".
ყალბი ამბებისა და ციფრული დეზინფორმაციის ეპოქაში ამ გაკვეთილის გათვალისწინება ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
4. მეცნიერება, სიმართლე და განათლება ყველასთვისაა და არა მხოლოდ პრივილეგირებულთათვის
აინშტაინი შეერთებული შტატების მთავრობასაც ხშირად აკრიტიკებდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში ემიგრაციაში სწორედ აშშ-ში წავიდა და 1940 წელს მოქალაქეობაც მიიღო. აინშტაინი მონობასა და რასობრივ სეგრეგაციას ისევე უარყოფითად ხედავდა, როგორც ანტისემიტიზმს.
1932 წელს FBI-მ აინშტაინის წინააღმდეგ საქმეც აღძრა და 1955 წელს, აინშტაინის სიკვდილის მომენტში ის 1400-ზე მეტ გვერდს მოიცავდა.
1937 წელს აინშტაინმა შავკანიანი ოპერის ვარსკვლავი მარიონ ანდერსონი თავის სახლში დასარჩენად მიიწვია. ეს მაშინ, როდესაც მომღერალს პრინსტონის ადგილობრივ სასტუმროში დაბინავებაზე უარი უთხრეს.
1946 წელს აინშტაინმა იმ დროისთვის რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. ის ლინკოლნის უნივერსიტეტს — პირველ შავკანიან კოლეჯს შეერთებულ შტატებში — ეწვია. იქ მან წაიკითხა ლექციები, ესაუბრა სტუდენტებს და უპასუხა კითხვებს.
სტუდენტური ჯგუფისადმი მიმართვისას აინშტაინმა თქვა: "ჩემს აქ ყოფნას ღირებული მიზეზი აქვს. შეერთებულ შტატებში ფერადკანიანთა გამიჯვნა ხდება თეთრკანიანებისგან. ეს ისე თითქოს ფერადკანიანებს რაიმე დაავადება ჰქონდეთ. რეალურად ეს თეთრკანიანთა დაავადებაა".
1953 წელს აინშტაინმა დაიცვა უილიამ ფრაუენგლასის აკადემიური თავისუფლება. ეს იყო მასწავლებელი, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ებრძოდა.
აინშტაინი თვლიდა, რომ მეცნიერება, სიმართლე და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მას მიაჩნდა, რომ მეცნიერების მიერ მოპოვებლი დოვლათი, ცოდნა და ჭეშმარიტება არ ეკუთვნის არც ერთ რასას, ერს ან ფრაქციას, არამედ მთელ კაცობრიობას.
კომენტარები