NASA-მ მთვარეზე ადამიანთა დაბრუნება 2026 წლამდე გადადო
9 იანვარს NASA-მ მედიასთან ოფიციალურად განაცხადა, რომ მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში დაგეგმილი ეკიპაჟიანი მისიები მოსალოდნელზე გვიან განხორციელდება.
კერძოდ, Artemis 2, რომელიც ამ ციური სხეულის გარშემო ასტრონავტთა მგზავრობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდო. Artemis 3, რომლის განმავლობაშიც ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვნენ, არა 2025 წლის მიწურულს, არამედ 2026 წლის სექტემბერში განხორციელდება.
"უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. Artemis-ის გუნდს Artemis 2-ისა და 3-ის ფარგლებში გამოწვევებსა და სადებიუტო დეტალებზე სამუშაოდ თუ საკვლევად მეტ დროს ვაძლევთ", — აცხადებს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი, რომლის თქმითაც, ცვლილებები Artemis 4-ს არ ეხება და ის ისევ 2028 წლის სექტემბერშია ჩანიშნული.
1972 წლის შემდეგ მთვარეზე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს, ამიტომ NASA ყველანაირად ცდილობს, ასტრონავტთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ პერიოდში ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარდა, ამიტომ სამომავლო მისიები სხვადასხვა ფუნქციის მქონე ახალ სისტემებსაც ითვალისწინებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოცდის ეტაპზეა. შესაბამისად, მათ გამართულობაში 100%-ით დარწმუნებაა საჭირო, სანამ გამოვიყენებთ.
მათ შორის იკვლევენ ხომალდ Orion-ის სითბოსგან დამცავი მასალის გარკვეული ხარვეზსაც, რომელიც 2022 წელს განხორციელებული წარმატებული უეკიპაჟო მისია Artemis 1-ის დროს დაფიქსირდა. ამ მატერიამ კოსმოსური აპარატი კარგად დაიცვა, მაგრამ სპეციალური საფარველის ნაწილი დაიწვა და კაფსულას ჩამოშორდა, რაც მოულოდნელი იყო.
ასევე, Orion-ში უნდა ჩანაცვლდეს Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტებისთვის აუცილებელი მოწყობილობა, რომელმაც ტესტირებისას არ გაამართლა. ეს რთული პროცესია, რადგან ხომალდის ნაწილობრივ დაშლასა და ხელახლა აწყობას გულისხმობს. გამოსაკვლევია ელექტროსისტემაც, რომელიც რაკეტიდან კაფსულის გამოცალკევებაზეა პასუხისმგებელი.
საბოლოოდ, NASA-ს წინ კიდევ ბევრი ტესტირების ჩატარება ელის, რათა მისიების უსაფრთხოებაში დარწმუნდეს. ამის შემდეგ ასტრონავტებს მთვარისკენ გაუშვებენ, რითაც კოსმოსური ფრენების ახალი ისტორია დაიწყება, რადგან შემდეგი გაჩერება უკვე მარსი იქნება.
კომენტარები