მეცნიერები ახალ კვლევაში უჩვეულო სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან. ჩინეთში ექიმები 70 წლის კაცს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციისთვის ამზადებდნენ, როცა მის მუცელში ჩაშვებული კამერით მოულოდნელად ცოცხალ ჭიებს გადააწყდნენ.

5 მოყავისფრო ტრემატოდი პაციენტის ბილიარულ ტრაქტში იყო, სადაც მოყვითალო-მომწვანო სითხე, ნაღველი, წარმოიქმნება. ექიმებმა კაცის მუცლიდან ჭიები ამოიყვანეს, მათი შესწავლით კი დადგინდა, რომ ისინი Clonorchis sinensis-ის სახეობის პარაზიტებს მიეკუთვნებოდნენ.

ფოტო: Getty

ისინი აღმოსავლეთ აზიასა და რუსეთში არიამ გავრცელებულნი, თუმცა სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირებულან. მიიჩნევა, რომ მათთან დაკავშირებული ინფექციის რისკის ქვეშ გლობალურად 200 მილიონზე მეტი ადამიანია. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს ორგანიზმში ამ არსებების ლავრა ხვდება, ძირითადად თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტიდან. შესაძლოა, მსგავსი რამ იმპორტირებულმა საკვებმაც გამოიწვიოს.

///

სხეულში შეღწევის შემდეგ ლავრა სპეციალური აპკიდან წვრილ ნაწლავში გამოდის, იქიდან კი სწორედ ბილიარულ ტრაქტში ინაცვლებს, სადაც ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და მისი სადინარებია განლაგებული. ინფიცირებულების უმეტესობაში სულ რამდენიმე ჭია გვხვდება, ამიტომ მათში სიმპტომები თავს არ იჩენს. როცა ორგანიზმში C. sinensis-ის რაოდენობა შედარებით დიდია, მუცლისა და თავი ტკივილი, ასევე თავბრუსხვევა ვლინდება.

ეს პარაზიტები 30 წლამდე ცოცხლობენ და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. დიაგნოსტირებისთვის სპეციალისტები განავალში მათი კვერცხების აღმოჩენას ცდილობენ, მაგრამ ზემოხსენებული პაციენტის ფეკალიებში მსგავსი კვალი არ დაფიქსირებულა, არამედ ექიმებმა ჭიებს პირდაპირ მუცელში მიაგნეს, როცა ბილიარული სისტემის გამოსაკვლევად იქ მცირე ზომის კამერა ჩაუშვეს.

იქიდან მათი ამოყვანის შემდეგ კაცს პარაზიტების საწინააღმდეგო მედიკამენტები დაუნიშნეს, რათა ინფექცია გამქრალიყო, პარალელურად კი პაციენტმა სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.