ასტრონომებმა სწრაფ რადიოაფეთქებასთან დაკავშირებული 35 სიგნალი გამოავლინეს, რომელთა სიხშირეც იმგვარად შეიცვალა, რომ მსგავსი რამ აქამდე არც დაფიქსირებულა.

სინათლის ასეთი აფეთქებები, იგივე ანთებები, მილიწამების განმავლობაში გრძელდება და შორეული კოსმოსიდან მომდინარეობს. ამ დროს რამდენიმე წამში გამოყოფილი ენერგია მზის მიერ 1 წელიწადში გამოთავისუფლებულს უტოლდება.

მიიჩნევა, რომ მისი წყარო მაგნეტარები (ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავები), მნათობთა შეჯახებები ან ნეიტრონულ ვარსკვლავთა კოლაფსია, რის შედეგადაც შავი ხვრელები წარმოიქმნება. მსგავსი სიგნალების უმეტესობა მალევე ქრება, ზოგიერთი კი მეორდება.

///

მეცნიერებმა SETI-ს ინსტიტუტის ალენის რადიოტელესკოპთა წყების მეშვეობით აქტიური და განმეორებადი ანთება, სახელად FRB 20220912A, შეისწავლეს. ისინი მას 541 საათი აკვირდებოდნენ. სიგნალები რადიოსიხშირეთა ფართო დიაპაზონს ფარავდა, მაგრამ ავტორებმა დაადგინეს, რომ FRB 20220912A-მ დაბალ სიხშირეზე გადაინაცვლა.

როდესაც ეს მონაცემები მუსიკალურ საკრავ ქსილოფონზე ნოტებს შეუსაბამეს, სასტვენის "დაღმავალი" ხმიანობა მიიღეს, რადიოაფეთქების ამგვარი მახასიათებელი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. საინტერესოა, რომ ანთებების ხანგრძლივობა და მათ შორის დროითი შუალედი მკაფიო არ ყოფილა, ანუ ისინი არაპროგნოზირებადია.

მკვლევრებმა გამოავლინეს, რამხელა პოტენციალი აქვს ალენის რადიოტელესკოპთა წყებას სწრაფი რადიოაფეთქებების შესწავლაში. ასევე, ისეთ საინტერესო ობიექტებსა და მოვლენებზე დაკვირვებაში, როგორიც მაგნეტარები ან ვარსკვლავთა შეჯახებებია.

ახალი მონაცემები შესაძლოა იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, თუ რა არის რადიოაფეთქებების წყარო და რატომაა ასე იშვიათი განმეორებადი სიგნალები. ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.