ახალი კვლევის მიხედვით, ღრმა დასწავლის AI მოდელების მეშვეობით შესაძლოა, აუტიზმი გამომავლინოთ და ისიც დავადგინოთ, რამდენად მწვავე ფორმაშია ის გამოხატული. ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ თვალის ბადურას გამოსახულება დასჭირდება.

უკვე ცნობილია, რომ ბადურასა და ტვინის ცვლილებები ერთმანეთს უკავშირდება.

"აუტიზმის მქონე ინდივიდებს ბადურაში სტრუქტურული ცვლილებები აღენიშნებათ, რომლებიც ტვინში მიმდინარე ცვლილებების ანარეკლია. მათ შორისაა ოპტიკური გზების ანომალიები ემბრიონულ და ანატომიურ კავშირებში", — აცხადებენ მეცნიერები.

///

მათ AI მოდელი ჯერ აუტიზმის მქონე და არმქონე ინდივიდების მონაცემების მეშვეობით გაწვრთნეს, შემდეგ კი სისტემას 958 ბავშვისა და მოზარდის ბადურა გააანალიზებინეს. მათი საშუალო ასაკი 7.8 წელი იყო, ნახევარს კი აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ ბადურაზე დაკვირვებით ამგვარ მონაწილეთა იდენტიფიცირება წარმატებით შეძლო, მაგრამ სიმპტომების სიმწვავე შედარებით ნაკლები, 48-66%-იანი, სიზუსტით დაადგინა.

ფოტო: AMA Network Open

მართალია, ეს კვლევა მინიმუმ 4 წლის ასაკის ბავშვებზე იყო გათვლილი, მაგრამ ავტორები ამბობენ, რომ იგივე მეთოდი, სავარაუდოდ, უფრო პატარა ინდივიდებზეც იმუშავებს.

"აუტიზმის მქონე პირებში ბადურას ცვლილებები შესაძლოა, მის საბოლოო მომწიფებამდე გამოვლინდეს", — ამბობენ სპეციალისტები.

სტატისტიკურად, 8 წლის ასაკის ყოველი 36 ბავშვიდან 1-ს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. დიაგნოზის დროულად დასმა მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ასე საკუთარი თავის შეცნობა და გარემოსთან ადაპტაცია უკეთ შეეძლებათ. არაა გამორიცხული, სამომავლოდ ამაში სწორედ ზემოხსენებული მეთოდი დაგვეხმაროს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.